გაუქმებული ჯავშნები და კორპორატიული ღონისძიებები - ასე ხვდება სეზონს ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების უმრავლესობა.
როგორც „ინ ჯგუფის“ სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოში მოგზაურობისგან ძირითადად თავს ევროპელი ტურისტები იკავებენ.
ჯავშნების ნაწილი უქმდება მეზობელი სახელმწიფოებიდანაც. თუ არსებული ჯავშნები არ გაუქმდა ერეკლე კოკაია ამბობს, რომ “გუდაური ინი” დეკემბერში 70%-მდე იქნება დატვირთული.
„ჯავშნები ჯერჯერობით ზამთრის კურორტებზე ძალიან ცოტა რაოდენობით არის გაუქმებული. ზამთრის კურორტებზე თითქმის მთლიანად გამქრალია ან განახევრებული მაინც კორპორატიული ღონისძიებები და ამ მიმართულებით არის ყველაზე დიდი ცვლილება. უცხოელებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ჯავშნები არის, თუმცა ხშირად არის მიმოწერა, რომ რა ხდება საქართველოში, რამდენად უსაფრთხოა ჩამოსვლა, ეს შიშები არსებობს, რადგან იქაც შუქდება აქ განვითარებული მოვლენები და იქიდან მოდის კითხვები, რამდენად ღირს ჩამოსვლა წელს საქართველოში.
ზამთარში ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენთან ლიეტუვიდან, წელსაც გვაქვს ჯავშნები, თუმცა იქაური პარტნიორებიდან მოდის სხვადასხვა სახის მესიჯები, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ იქნება ვითარება ქვეყანაში. ეს იყო იქამდე, სანამ გამოსვლები დაიწყებოდა საქართველოში, რადგან იქ უკვე შუქდებოდა მოვლენები და ახლა რამდენად აისახება ეს ჯავშნებზე რთული სათქმელია, რადგან ბევრი წელი ვთანამშრომლობდით ამ ბაზართან და ამ ბაზრის დაკარგვა ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება.
ძირითადი თავშეკავება არის ევროპელი ტურისტებისგან, თუმცა მეზობელი ქვეყნებიდანაც არის. მაგალითად, სომხეთმა შეამცირა ჯავშნები. ყოველ ახალ წელს ბევრი სომეხი ტურისტი ჩამოდიოდა, თუმცა ეშინიათ. ჩამოდიან, თუმცა ნაკლები რაოდენობით“,- აცხადებს კოკაია.