მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მტკვარზე კიდევ ორი "ქვიშხეთი ჰესი 1" და "ქვიშხეთი ჰესი 2" აშენდება

ქვიშხეთი ჰესი

ხაშურის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე კიდევ ორი ჰიდროელექტროსადგურის - "ქვიშხეთი ჰესი 1"-ის და "ქვიშხეთი ჰესი 2"-ის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის წარდგენილი სკოპინგის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. პროექტს შპს "ენ-სი 2022" ახორციელებს.

ორივე ჰესი კალაპოტური ჰესების კატეგორიას განეკუთვნება და თითოეულის საპროექტო დადგმული სიმძლავრე 14.5 მეგავატ საათია. სადგურების წლიური გამომუშავება 55-55 მილიონი კილოვატ საათი იქნება. ორივე ჰესს ექნება თევზსავალი.

"პროექტის მიხედვით, ქვიშხეთი ჰესის პირველი საფეხურის ქვიშხეთი 1-ის ზედა ბიეფში შექმნილი წყალსაცავის ნორმალური შეტბორვის დონეზე (711 მ ზღვის დონიდან) წყლის სარკის ზედაპირის ფართობი იქნება 32 ჰა, ქვიშხეთი 2-ის შემთხვევაში (698 მ ზღვის დონიდან) შეადგენს 34 ჰა-ს,"- ნათქვამია წარდგენილ დოკუმენტაციაში.

ამასთან, კომპანია „ენ-სი 2022“ მდინარე მტკვარზე კიდევ ექვსი ჰესის მშენებლობას გეგმავს:

  • ურბნისი ჰესი - 19.3 მეგავატის სიმძლავრის;
  • გრაკალი ჰესი - 17 მეგავატის სიმძლავრის;
  • ოსიაური ჰესი - 14.2 მეგავატის სიმძლავრის;
  • კასპი ჰესი - 22.4 მეგავატის სიმძლავრის;
  • ქსანი ჰესი 1 - 18.3 მეგავატის სიმძლავრის;
  • ქსანი ჰესი 2 - 19.4 მეგავატის სიმძლავრის.

შესაბამისად, როგორც ურბნისი ჰესის, ასევე დანარჩენი ხუთი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრე 138.5 მეგავატი იქნება.

ცნობისთვის, ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია "ენ-სი 2022" 2022 წელს დაფუძნდა, მისი დირექტორია გოჩა მუსელიანი, რომელიც ამავდროულად კომპანია "იმერ ენერჯი კაპიტალის" დირექტორიცაა. აღნიშნული კომპანია იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდინარე ძევრულაზე ძევრა ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს. როგორც "ენ-სი 2022"-ის, ასევე "იმერ ენერჯი კაპიტალის" მფლობელი ბიზნესმენი კოკა კოკოლაშვილია. სტუდია მონიტორისა და OCCRP-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კოკოლაშვილი ქვეყანაში სულ 29 ახალი ჰესის მშენებლობას გეგმავს, ამასთან ის უჩა მამაცაშვილის ოჯახის წევრი, კერძოდ კი, მისი ცოლის ძმაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები