საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“, რომელიც გარდაბნის აღკვეთილის საზღვრების ცვლილებასა და მის გაფართოებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მთავარი მიზანი გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიის 42.3 ჰექტარით გაზრდაა. გაფართოება იგეგმება მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ჭალის ტყის ხარჯზე.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს ტერიტორია უნიკალური ეკოსისტემაა, სადაც შემორჩენილია:
- იშვიათი მცენარეები: ჭალის მუხის გოლიათი ეგზემპლარები (რომელთა დიამეტრი 80 სმ-ს აღემატება), თელა, თეთრი ვერხვი (ხვალო) და შავი ვერხვი (ოფი).
- მდიდარი ფაუნა: ტერიტორია მნიშვნელოვანია „წითელი ნუსხით“ დაცული ძუძუმწოვრებისთვის, როგორიცაა ფოცხვერი, წავი, ლელიანის კატა და კეთილშობილი ირემი.
- ფრინველები: ხელსაყრელი გარემო მობუდარი და გადამფრენი ფრინველებისთვის.
დოკუმენტში წერია, რომ დღეისათვის ეს ტერიტორია დეგრადირებულია და საჭიროებს აქტიურ აღდგენით ღონისძიებებს. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ტერიტორიას ენიჭება IUCN-ის IV კატეგორია (აღკვეთილი). ეს სტატუსი იძლევა საშუალებას:
- განხორციელდეს სპეციალური აღდგენითი სამუშაოები (მაგალითად, ჭალის მუხისა და თელის გამრავლება);
- შენარჩუნდეს ბუნებრივი პირობები მკაცრი კონტროლის ქვეშ;
- მოხდეს ურბანულ გარემოსთან (ქალაქ რუსთავთან) ახლოს არსებული ველური ბუნების რეაბილიტაცია.
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ მოითხოვს.
ახალი ტერიტორიის მართვასაც „თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია“ განახორციელებს. სამუშაოები დაფინანსდება დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის უკვე გამოყოფილი წლიური ბიუჯეტის ფარგლებში.
აღნიშნული ინიციატივა ნაწილია მთავრობის 2025-2028 წლების პროგრამისა („მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“), რომელიც 2028 წლისთვის დაცული ტერიტორიების ფართობის 100 000 ჰექტარით გაზრდას ისახავს მიზნად.
კაგროპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ხოლო ავტორი — გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პარლამენტი მას ჩვეულებრივი, არა დაჩქარებული წესით განიხილავს.




























