ქვეყანაში რძის ნაწარმის ნაწილი კვლავ მცენარეული ცხიმების შერევით იყიდება. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი რძის ნაწარმზე ლაბორატორიულ კვლევებს იწყებს. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელის განცხადებით, პრობლემა თითქმის ყველა რეგიონის ბაზრობებსა და ბრენდირებულ სუპერმარკეტებშია. როგორც ვახტანგ კობალაძე აღნიშნავს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ობიექტების შესამოწმებლად საკმარისი რესურსი არ აქვს და წელიწადში მხოლოდ 100 ნიმუში მოწმდება, რაც საკმარისი არ არის. ყველის მკვლევარი ანა მიქაძე ბიემჯისთან აღნიშნავს, რომ უხარისხო რძის ნაწარმის რეალიზაცია ქვეყნისთვის გამოწვევაა და ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები წლების განმავლობაში არ გადადგმულა. თუმცა როგორც ის ამბობს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოების მსგავსად, უბნის მაღაზიებს ერთი თვის წინ ჰასპის სტანდარტის დანერგვა დაავალა, რამაც ხარისხის პრობლემა ნაწილობრივ მაინც უნდა მოაგვაროს. თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ კონტროლი მკაცრი იქნება. ყველის მკვლევარი ამბობს, რომ საწარმოებში კონტროლი მკაცრად არ სრულდება, წესები კი მნიშვნელოვნად ირღვევა.