მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 1200 ლარამდე ხელფასს იღებენ" - როგორია დინამიკა?

pmcg

PMCG-ის უმცროსი მკვლევრის მარიამ ჯაშის თქმით, მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 1200 ლარამდე ხელფასს იღებენ. მან ხელფასების დინამიკა "ანალიტიკას" ეთერში კვლევითი ცენტრის ბოლო პუბლიკაციაზე დაყრდნობით შეაჯამა.

როგორც ის აღნიშნავს, 900 ათასზე მეტ ადამიანზე დაკვირვებით ჩანს, რომ აგვისტოში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა თვის ჭრილში 5.7%-ით შემცირდა, თუმცა, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, 2.6%-ით გაიზარდა.

"ხელფასებზე ჩვენი ბოლო პუბლიკაცია აგვისტოს თვისთვის იყო, სადაც 940 000 ადამიანი დაფიქსირდა, რაც ივლისთან შედარებით 5.7%-ით გაუარესებული, ხოლო წინა წელთან შედარებით 2.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კლება დაფიქსირდა იმიტომ, რომ აგვისტო რადგან არ არის აქტიური თვე. თუმცა შეგვიძლია დასკვნის გაკეთება, რომ თვიური ხელფასის მიმღებ ადამიანთა რაოდენობის ზრდის ტემპი შემცირებულია, რადგან 2025 წლის იანვარ-აგვისტოში დარიცხული ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 2.2%-ით გაიზარდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 4%-ით.

სახელფასო დიაპაზონს რაც შეეხება, გამოკვეთილი ტენდენციაა, რომ მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს 0-დან 1200 ლარამდე. განსაკუთრებით მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 0-დან 600 ლარამდე იღებენ ხელფასს. და პირიქით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 2400 ლარს ან მეტ ხელფასს იღებენ - იზრდება.

დანამდვილებით ვერ ვიტყვით, სად მიდიან 0-დან 1200 ლარამდე ხელფასის მიმღები ადამიანები, თუმცა თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი გადავიდნენ უფრო მაღალ კატეგორიაში ან, შეიძლება, საერთოდ გამოეთიშნენ შრომის ბაზარს. საქსტატის მონაცემებიდან გამომდინარე, სამუშაო ძალა და დაქირავებულ თანამშრომელთა რაოდენობაც მზარდია", - ამბობს მარიამ ჯაში.

PMCG-ის უმცროსი მკვლევარი ანალიტიკას ეთერში ხელფასების დინამიკას საქართველოს ბიზნესასოციაციის BAG ინდექსთან მიმართებითაც აჯამებს. აღნიშნული ინდექსი ასოციაციის წევრი, ძირითადად საშუალო და მსხვილი ბიზნესების გამოკითხვაზე დაყრდნობით იკვლევს ბიზნესის განწყობებსა და მოლოდინებს.

მესამე კვარტალის BAG ინდექსი კი აჩვენებს, რომ ივლისი-სექტემბერში გამოკითხულ კომპანიათა 23%-მა გაზარდა თანამშრომელთა ანაზღაურება.

"გამოკითხულ კომპანიათა 21% ვარაუდობს, რომ ხელფასს მეოთხე კვარტალში გაზრდის. სექტორების მიხედვით რომ შევხედოთ, მესამე კვარტალში კომპანიათა 33%-მა ხელფასის ზრდა დააფიქსირა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მოლოდინებს რაც შეეხება, ვაჭრობის სექტორში ასევე ყველაზე პოზიტიური მოლოდინია, კომპანიების 30% ვარაუდობს, რომ ხელფასებს გაზრდის. ყველაზე ნაკლებად, კომპანიათა 5%-ში, მრეწველობის სექტორში ელიან ხელფასების მატებას, ხოლო მშენებლობაში პირიქით - ხელფასების შემცირებას ელიან", - აღნიშნავს მარიამ ჯაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები