"ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორი მიიჩნევს, რომ გარდა სასმელი პროდუქტების გაძვირებისა, რასაც "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ პლასტმასის ბოთლების აკრძალვის შემოღება გამოიწვევს, აღნიშნული რეგულაცია ქვეყნის ეკონომიკაზე სხვაგვარადაც აისახება - ამის შესახებ ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა "საქმის კურსის" ეთერში ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მსხვილი ბიზნესი რეგულაციას მოერგება, რეალური პრობლემის წინაშე კი მცირე და საშუალო ზომის მწარმოებლები დგანან.
"დიდი კომპანიები ყველა ვარიანტში მიესადაგებიან, რაც არ უნდა მოცემულობა იყოს; ყველაზე დიდი პრობლემა გვექნება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რომლებსაც, სამწუხაროდ ქარხნების დახურვა მოუწევთ, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ის რესურსი, რომლითაც ამ ახალი რეგულაციის პირობებში იცხოვრებენ.
წარმოიდგინეთ, რომ არიან მცირე და საშუალო კომპანიები, რომლებსაც პლასტმასის ბოთლები უკვე აქვთ შეკვეთილი, აქვთ ბანკის დავალიანება, ვალი, რომელსაც იხდიან, ასაქმებენ ხალხს და ა.შ. მათ 1 წლის განმავლობაში კიდევ ახალი ფინანსები უნდა მოიძიონ, გადაეწყონ სხვა პირობებზე, ბიზნეს მოდელებზე, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე ეკონომიკას ძალიან გაუჭირდება. რა თქმა უნდა, დიდი კომპანიები გადარჩებიან და პრობლემა არ ექნებათ; შეზღუდვები ექნებათ, თუმცა დიდი კომპანია იმის დიდი კომპანიაა, რომ თავისი ყველა რესურსი გამოიყენოს ახალი რეალობისთვის. მაგრამ პრობლემა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის მცირე და საშუალო ბიზნესი", - ამბობს "ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორი.
მისივე თქმით, რეგულაცია საქართველოში PET ინდუსტრიის შემცირებასაც გამოიწვევს და სხვა მომიჯნავე და მიბმული სექტორებისთვის გამოწვევებს შექმნის, რადგან თავისთავად შემცირდება წარმოებაც.
"PET-ის ინდუსტრიისგან ვიცი, რომ დაახლოებით 200 მილიონი ლარია ჩადებული ამ ინდუსტრიაში და ის საერთოდ გაქრება, 10%-მდე დავა. წარმოგიდგენიათ? რაც იმას ნიშნავს, რომ მათაც ექნებათ ძალიან დიდი პრობლემა.
ჩვენზე მობმულია ძალიან ბევრი, მაგალითად, სარეკლამო კომპანია, ტელევიზია, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ. როდესაც შემცირდება ლუდის წარმოება, შესაბამისად ესეც შემცირდება. ამას ძალიან დიდი გადამდები ეფექტი აქვს. ამ საკითხის სიმწვავე და სიმძიმე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად გადასახედია ეს მიდგომა და ჩვენ გვაქვს ალტერნატივები, როგორებც არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამუშავება, სეპარირებული შეგროვების დანერგვა ლუდის ინდუსტრიაში, 3-5 წლიანი გეგმა, თუ როგორ უნდა ამოვიღოთ პლასტმასა მთლიანად და ასე შემდეგ", - ამბობს ხუნძაკიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო მიზნებისთვის სასმლის პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმა ახალი რეგულაციებით არ იკრძალება, "ეფეს საქართველოს" წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ქვეყანას სარკისებურად შეუჩერდეს ზოგიერთი სასმლის იმპორტიც.
"წარმოიდგინეთ რომელიმე ქვეყანა, სადაც საქართველოდან პლასტმასის ბოთლით სასმელი ექსპორტზე გადის და იმავე ქვეყნიდან იმავე შეფუთვით საქართველოშიც იმპორტირდება პროდუქტი. როდესაც ჩვენ მათ შემოსვლას ავუკრძალავთ, შეიძლება, ნაცვალგების პრინციპით, სარკული ანალოგით, იგივე გააკეთონ ჩვენთვისაც. ეს თეორიულად შესაძლებელია და საერთაშორისო ვაჭრობაში ასეთი რამ დაშვებულია. ეს არის საფრთხე, რომელიც შეიძლება დაგვიდგეს ერთ დღეს.
გარდა ამისა, როდესაც ადგილობრივ ბაზარზე იგივე ტიპის (ამ შემთხვევაში, პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის) წარმოებაში ძალიან ძლიერად ხარ, საკმარისია, რამე შეფერხება იყოს, შეგიძლია, ეს პროდუქტი საქართველოს ბაზარზე დააბრუნო. ესეც დამატებითი შეზღუდვაა, რომ თქვენ წარმოებული პროდუქტის ბაზარზე დაბრუნება აღარ შეგეძლებათ და ის აუცილებლად უნდა წავიდეს, თუ ვერ წავა, უკვე გასანადგურებელი პროდუქციის კატეგორიაში გადავა, რაც დამატებითი ფინანსური ხარჯია", - განმარტა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის დადგენილებით, პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება ეტაპობრივად აიკრძალება.
კერძოდ, 2026 წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აეკრძალებათ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებში სასმელების მიწოდება. ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება.




























