მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლუდის გაყიდვების 70% პლასტმასის ბოთლებზე მოდის, PET-ის აკრძალვა სასმელს 2-ჯერ გააძვირებს" - EFES საქართველო

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

"ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, საქართველოში 2025 წელს ლუდის ბაზრის მოცულობამ 140 მილიონი ლიტრი შეადგინა, ინდუსტრიის გაყიდვების დაახლოებით 70% კი პლასტმასის ბოთლებზე მოდის.

როგორც ხუნძაკიშვილმა "საქმის კურსის" ეთერში განმარტა, ლუდის ინდუსტრიიდან პლასტმასის ბოთლის ამოღება, რასაც სასმლის მწარმოებლებს საქართველოს ახალი კანონმდებლობა დაავალდებულებს, მართლაც შესაძლებელია, თუმცა ამისთვის მათ 4 წელი დასჭირდებათ და არა 1 წელი - ვადა, რომელიც "ქართული ოცნების" მთავრობამ მწარმოებლებს მისცათ.

"ლუდის ინდუსტრიაში პლასტმასის ამოღება დადებითი ტენდენციაა, თუმცა ამას სჭირდება გარკვეული დრო. ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 4 წლის განმავლობაში, თუ სწორად იქნება გაწერილი გეგმა, გვექნება შესაძლებლობა, ლუდის ინდუსტრიიდან უმტკივნეულოდ ამოვიღოთ პლასტმასის ბოთლი. 2030 წლამდე საკმარისი დრო გვექნება იმისათვის, რომ ლუდი გადაეწყოს მთლიანად, როგორც ევროპულ ქვეყნებშია, პლასტმასის გარეშე მიწოდებაზე. შესაბამისად, განვითარდება შუშა, ქილა, კასრები და სხვა. ეს შესაძლებელია, თუმცა არა ერთი წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეს რეგულაცია ამ ფორმით ამოქმედდება, ჩვენი შეფასებით, ბაზრის დაახლოებით 40%-იანი კლება გვექნება და დანარჩენი რაც დარჩება, ის გაძვირდება პროპორციულად, რაც ასევე გამოიწვევს, რა თქმა უნდა, წარმოების შემცირებას. კარგად მოგეხსენებათ, როდესაც წარმოება მცირდება, ხდება კადრების ოპტიმიზაციაც", - ამბობს "ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორი.

მისივე თქმით, პლასტმასის აკრძალვა და წარმოების სრულად შუშის ბოთლებზე გადაწყობა მწარმოებელთა ლოგისტიკურ ხარჯებს 25-ჯერ გააძვირებს, რაც პროდუქტის ფასზეც აისახება. გარდა ამისა, ხუნძაკიშვილი განმარტავს, რომ ასეთ მოკლე დროში შუშაზე გადასვლა რესურსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც შეუძლებელია.

"გაზიან გამაგრილებელ სასმელებთან მიმართებით, საუბარია პროდუქტის დაახლოებით, 100-დან 150%-მდე, 2-2.5-ჯერ გაძვირებაზე და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ შუშის შეფუთვის ღირებულებაზე ერთ ლიტრზე - ის გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე იგივე ლიმონათი ან იგივე წყალი, პლასტიკის ბოთლში შეფუთვაზე გადათვლილი ერთ ლიტრზე. ეს სხვაობაა 1/2-თან დაახლოებით.

სასმელების ინდუსტრიის 80% პლასტმასის ბოთლზე მოდის. ციფრებში რომ დავთვალოთ, 800 მილიონი ლიტრ სასმელს, დღევანდელი მდგომარეობით, ემსახურება დაახლოებით 20 ათასი ტონა პლასტმასი. ეს რომ შუშით ჩავანაცვლოთ, ჩვენ 500 000, ანუ ნახევარი მილიონი ტონა შუშა დაგვჭირდება, რომლის მარტო ლოგისტიკური ხარჯები რომ დავთვალოთ, ეს დაახლოებით 25-ჯერ გაძვირებას იწვევს. თუმცა ესეც იდეალურ შემთხვევაში რომ ჩავანაცვლოთ. ამის შესაძლებლობა არც საქართველოს ინდუსტრიას არ აქვს და არც ჩვენი რეგიონისას, იმიტომ რომ ყველა ქარხანა დაკავებულია და შეკვეთები გაფორმებულია. ასე მარტივად არ ხდება. დღესვე რომ გადავწყვიტო ახალი შუშის ბოთლების ყიდვა, მე დაახლოებით ერთი წელი მაინც დამჭირდება, რომ ჩავჯდე ამ დიდი რაოდენობის შეკვეთაში. ამას ემატება ისიც, რომ ინდუსტრიას არ გვაქვს საწარმოო საშუალებები, რომ ჩამოვასხათ შუშის ბოთლებში.

დღესვე რომ გავიდეთ და დავიწყოთ შეკვეთა, მინიმუმ 30% წინასწარი შესატანია საჭირო, როცა რეალურად ყველას ბიუჯეტი უკვე დაგეგმილი აქვს და ეს გაუთვალისწინებელი ხარჯია. უნდა წავიდეთ ბანკში, ავიღოთ სესხი და ასე შემდეგ. თუმცა წელიწად-ნახევარი ეს არის საუკეთესო პროგნოზი, რომ საწარმოო ხაზები იყოს უკვე დამონტაჟებული და მზად, ასე ვთქვათ, პროდუქციის ჩამოსასხმელად", - ამბობს ხუნძაკიშვილი.

ცნობისთვის, "ეფეს საქართველო" "ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის" (EBI) წარმომადგენლობაა საქართველოში და აწარმოებს ადგილობრივ და ლიცენზირებულ ლუდის ბრენდებს, მათ შორის: "ნატახტარი", "ქარვა", "კასრი", "ტაატი" და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები