მცირე მარნები ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის სერტიფიცირების საფასურისგან გათავისუფლდნენ - შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გადაწყვეტილება კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ უკვე ძალაში შევიდა.
მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების საფასურის გაუქმების გადაწყვეტილება მათთან ჩატარებული კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, 1 სექტემბრიდან ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების სერტიფიკატის გაცემის მომსახურება ფასიანი გახდა. მთავრობის ახალი დადგენილებით, მცირე მარნებისთვის ეს მომსახურება უფასოდ განხორციელდება, თუმცა თავად სერტიფიცირების პროცედურის გავლა მათთვის კვლავ სავალდებულო რჩება.
























