საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის სატენდერო პროცედურები უკვე დაწყებულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი ტენდერის ფარგლებში სამუშაოები გუდაური-კობისა და სტეფანწმინდის მონაკვეთებზე ჩატარდება.
უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გზა ამჟამად ძლიერ დაზიანებულია და კომპლექსურ განახლებას საჭიროებს. ტენდერის დასრულების შემდეგ, ამ მონაკვეთებზე სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
ვინაიდან სრული რეაბილიტაციის პროექტის მომზადება და სატენდერო პროცედურები ხანგრძლივ დროს მოითხოვს, დეპარტამენტმა დაზიანებულ მონაკვეთებზე პირველადი სამუშაოები უკვე დაიწყო.
„გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სამუშაოები მიმდინარე მოვლა-შენახვის ხელშეკრულების ფარგლებში დაგვეწყო, რათა უზრუნველყოფილი იყოს გზის განვლადობა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება“, - წერს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ადგილზე დროებითი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ახალი ტენდერის გამოცხადებამდე და ძირითადი სამუშაოების დაწყებამდე მოძრაობის შეფერხების არიდებას უზრუნველყოფს.




























