სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტ მაია წერეთლის აზრით, ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის, პირველ რიგში, შიდა პოლარიზაციის დასრულება და ერთიანი ძალისხმევაა საჭირო.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ დღეს, ინდუსტრია დანაწევრებულია, რაც ერთობლივი პროექტების განხორციელებას უშლის ხელს.
"ტურიზმს განვითარებისთვის შერიგება სჭირდება. ამ სფეროში უამრავი განათლებული, გამოცდილი და ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ სექტორი ორ ნაკადად არის გაყოფილი და, სამწუხაროდ, საერთო საქმის გარშემო გაერთიანება არ ხდება. ეს ქვეყნის მასშტაბითაც გვჭირდება - თუ საქმეს ვაკეთებთ, გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობა უნდა შევძლოთ. წერტილი ერთმანეთთან დაპირისპირებას უნდა დავუსვათ", - ამბობს მაია წერეთელი.
გამოცდილმა ჰოტელიერმა “წერტილთან” ინტერვიუში ინდუსტრიის მთავარ პრობლემებზე, გლობალურ ტენდენციებსა და ზაფხულის ტურისტული სეზონის მოლოდინებზეც ისაუბრა.
ტურიზმის სექტორის მთავარი გამოწვევები - მოუწესრიგებელი სატრანსპორტო კავშირები
მაია წერეთლის აზრით, ინდუსტრიის უმთავრეს გამოწვევად შიდა სატრანსპორტო კავშირების მოუწესრიგებლობა რჩება, რაც პირდაპირ აისახება მოგზაურების კმაყოფილებასა და ხარჯებზე.
მისი თქმით, ტურისტული ლოკაციების ერთმანეთთან დაკავშირების არარსებობა და ქაოსური ფასწარმოება უცხოელ სტუმრებს დისკომფორტს უქმნის.
"ვფიქრობ, კახეთისთვის ტრანსპორტი უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. მაგალითად, რომ გვქონდეს რკინიგზა, რომელიც თბილისიდან კახეთში სტუმრებს საათ-ნახევარში ან ორ საათში ჩაიყვანდა... ან თელავის აეროპორტი, რაზედაც ისევ არის საუბარი. შესაძლოა, ჰელიპორტიც არსებობდეს... ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, ადამიანებს ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. იმედია, დადგება დრო, როცა თბილისიდან კახეთში ვერტმფრენით გადაფრენასაც შეძლებენ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ტურიზმისთვის დიდ გამოწვევად რჩება. წარმოიდგინეთ, თბილისში ჩამოსულ ტურისტს მცხეთაში წასასვლელად ზოგიერთი ტურისტული სააგენტო 700 ლარს სთხოვს; როდესაც მცხეთის ტურში ამდენი უნდა გადაიხადოს, ბუნებრივია, ორჯერ დაფიქრდება, საერთოდ ჩამოვიდეს თუ არა საქართველოში. ჩვენ არ გვაქვს მოწესრიგებული შიდა ტრანსპორტი… გარდა ამისა, მცხეთაში ჩასულ სტუმარს გორში გამგზავრება თუ მოუნდება, ჯერ ისევ თბილისში უნდა დაბრუნდეს და გზა იქიდან გააგრძელოს, რადგან ტურისტულ ლოკაციებს შორის სატრანსპორტო კავშირი საერთოდ არ არსებობს - მცხეთიდან გორში პირდაპირ არაფერი არ მიდის. წარმოიდგინეთ, რამხელა დისკომფორტია ეს ტურისტისთვის და რამხელა დროსთანაა დაკავშირებული. მოგზაურობისას ხომ ფინანსებთან ერთად დროც უმნიშვნელოვანესია ანუ ის, თუ რის ნახვას მოასწრებ გამოყოფილ დროში”, - აცხადებს მაია წერეთელი.
გამოცდილმა ჰოტელიერმა “წერტილთან” ინტერვიუში ასევე ისაუბრა რეგიონებში საერთაშორისო ბრენდების შესვლის მნიშვნელობაზე, რაც აცოცხლებს ეკონომიკას და აჩენს ე.წ. „სამმაგ დასაქმებას“, რადგან 100-150-ნომრიანი სასტუმროს გახსნა პირდაპირ ასაქმებს არა მხოლოდ პერსონალს, არამედ ადგილობრივ მომწოდებლებსა და მესამე რიგის ბიზნესებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია McInerney Hospitality International-ს, რომლის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელია, მომავალ წელს რეგიონებში რამდენიმე მსხვილი პროექტის გახსნა აქვს დაგეგმილი, მათ შორის: Hilton Garden Inn ბორჯომსა და სურამში, ასევე DoubleTree by Hilton კახეთში.
როგორც მაია წერეთელი განმარტავს, უცხოელი ტურისტების 20%-ით მეტი ნაწილი სანდოობის გამო არჩევანს ყოველთვის ბრენდირებულ სასტუმროებზე აკეთებს, რაც რეგიონებში ჯანსაღ კონკურენციას შექმნის.
მოლოდინები: ზღვისპირეთის გადატვირთული სეზონი და ტექნოლოგიური რევოლუცია (AI)
მიუხედავად გეოპოლიტიკური შოკებისა (მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტით გამოწვეული ტურბულენტობა), მიმდინარე ზაფხულის სეზონის მოლოდინები საკმაოდ პოზიტიურია. მაია წერეთლის თქმით, შავი ზღვისპირეთი, ფაქტობრივად, გადავსებულია.
"ჩვენი 150-ნომრიანი Courtyard by Marriott - მაღალ დინამიკას სექტემბრის ბოლომდე ინარჩუნებს", - აღნიშნა მან.
მისივე ინფორმაციით, ტურისტების გეოგრაფიაში კვლავ გააქტიურდა ისრაელი, აზიის ქვეყნები, პოლონეთი და ევროპული ბაზრები, რასაც ხელი პირდაპირი ფრენების დამატებამაც შეუწყო.
"მოკლე პერიოდში შიდა ტურიზმის ხარჯზე დატვირთულობის კიდევ უფრო გაზრდაა მოსალოდნელი”, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ტურიზმის გლობალურ მომავალს, მსოფლიო ტურიზმის მთავარ ტენდენციად ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაცია იქცა, რაც მონაცემთა ანალიტიკას, ფასწარმოებასა და სტუმრებთან კომუნიკაციას რადიკალურად ცვლის, თუმცა მაია წერეთელი ხაზს უსვამს, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს საქართველო სათანადო კადრებით უნდა შეხვდეს, რათა ინვესტორებს უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა ძვირი არ დაუჯდეთ.
"ხელოვნური ინტელექტი საოპერაციო მიმართულებების მთავარი განხილვის საგანი გახდა. ანალიტიკის, ჯავშნების, ფასწარმოებისა და სისტემების მართვის კუთხით AI უდიდეს როლს შეასრულებს, თუმცა ჩვენ უნდა გავიღვიძოთ და განათლება მოვარგოთ ამ სიტუაციას. ჯერ კიდევ თურქეთიდან და დუბაიდან ჩამოგვყავს ინჟინრები სისტემების გასამართად. საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების ფაკულტეტები უნდა გაცოცხლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ტექნოლოგიურ წინსვლას დამოუკიდებლად ვერ ვმართავთ და მომსახურების იმპორტში ინვესტორები ძალიან ძვირს გადაიხდიან”, - აცხადებს მაია წერეთელი.




























