აგროკომპანია Green Solutions-ი, რომელიც ლაგოდეხში, 50 ჰექტარზე გაშენებულ ხილის ბაღებს ფლობს, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის მფლობელმა, ბიზნესმენმა რომან ჩხენკელმა განაცხადა, ახალი ფაზა მცირე ავტობაზრობის გახსნას გულისხმობს.
მცირე ბაზრის კონცეფციით Green Solutions-მა ორი „მწვანე ბაზარი“ თბილისში (ზ.ფალიაშვილის #72 და ა. ვარაზის #55), ხოლო ერთი ლაგოდეხში (ზაქათალას #3) გახსნა.
„მწვანე ბაზარში“ ლაგოდეხში, Green Solutions-ის ბაღებში მოყვანილი ხილი და პარტნიორი ფერმერებისგან შეძენილი ბოსტნეული, ხორცის და რძის პროდუქტები და მზა საკვები გაიყიდება.
ბიზნესმენი ინვესტიციის კონკრეტულ მოცულობას არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ აპირებს „მწვანე ბაზრები“ დანარჩენ საქართველოშიც გახსნას.
„მწვანე ბაზარი“ იქნება ადგილი, სადაც მომხმარებელი ყოველდღე ივლის და სულ ახალი პროდუქტი დახვდება. ჩვენი მაღაზიები იქნება სახლთან ახლოს და ფასებით ყველაზე კარგი. მე ვაპირებ, „მწვანე ბაზარი“ იყოს ბრუნვაზე მიბმული და არა - მაღალ მარჟაზე.
მინდა, მაღაზიის ყველაზე კარგი ქსელი გავაკეთო და არაგონივრულად მაღალი ფასები გონივრულად ვაქციო. არ ვაპირებთ ასტრონომიულ მოგებაზე ვიმუშაოთ; გონივრული მოგებითაც ჩვენს მაღაზიებში მშვენიერი ფასები იქნება.
მაღაზიების გახსნამდე ბაზრის გარკვეული კვლევაც ჩავატარეთ. ამ ქვეყანაში პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მყიდველი არ აღემატება მომხმარებლის 10%-ს; 20-25% არის ისეთი, ვინც ყველაზე საუკეთესოსკენ არ იშვერს ხელს, მაგრამ ბიუჯეტს უყურებს, ხოლო მომხმარებლის 70% აკვირდება ფასს - ახლომდებარე მარკეტებს თუ ბაზრებს შემოივლის და ყველაზე კარგი ფასი სადაც დახვდება, იქ ყიდულობს. „მწვანე ბაზარში“ ყველა კატეგორიის მყიდველისთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი იქნება. ვეცდებით, ყველა სეგმეტს მოვერგოთ“, - ამბობს რომან ჩხენკელი.
Green Solutions-მა საქმიანობა აგროტექნოლოგიების იმპორტით დაიწყო; განვითარების მეორე ეტაპზე კომპანიამ ლაგოდეხში მაღალტექნოლოგიური ხილის ბაღები გააშენა; მესამე ფაზა კი მცირე ბაზრის კონცეფციის აგრომაღაზიების ქსელის შექმნაა.