მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მწვანე სკოლის" კამპუსების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში ₾8 მლნ-მდე ინვესტიცია ჩავდეთ - ბაკურ სულაკაური

მწვანე სკოლა

ახალ სასწავლო წელს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით შევხვდებით, რაშიც ოთხივე კამპუსში ჯამურად, დაახლოებით 8 მლნ ლარის ინვესტიცია ჩავდეთ, - ამის შესახებ „მწვანე სკოლის“ დამფუძნებელმა ბაკურ სულაკაურმა bm.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის გარდა, ახალ სასწავლო წელს სიახლე იქნება შინაარსობრივი კუთხითაც.

„დაწყებითი სკოლის კუთხით წინსვლა გვაქვს, ვინაიდან ჩვენ შიდა რესურსების განვითარება დავასრულეთ. ისეთი რესურსები გვაქვს, რომელიც მხოლოდ ჩვენია და ჩვენთვისაა შექმნილი. ასევე, საშუალო საფეხური მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. ვიწყებთ სიახლის დანერგვას. ეს არის არსებითი გაუმჯობესება, რაც გულისხმობს იმას, რომ საშუალო საფეხურზე მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, ის საგნები ისწავლონ გაძლიერებულად, რაც მათ აინტერესებთ და უკეთ მოემზადონ მომავალი პროფესიული კარიერისთვის“, - აღნიშნა ბაკურ სულაკაურმა.

რაც შეეხება სკოლაში სწავლის საფასურს, როგორც „მწვანე სკოლის“ დამფუძნებელმა აღნიშნა, ფასები ზოგ კამპუსში ოდნავ გაიზარდა, ზოგან არ შეცვლილა, თუმცა, ირიბად ზრდა აქაც არის.

„სადაც არ შეცვლილა ფასი, იქ ყველა სერვისის საფასური საერთო ფასში აღარ შევიყვანეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ირიბად გაიზარდა. მაგალითად, დიდი დიღმის კამპუსში ფასი არ გაზრდილა, მაგრამ ცურვა, რომელიც ადრე ფასში შედიოდა, ახლა აღარ შედის. ამის მიზეზი ისაა, რომ რადგან ჩვენ ბიუჯეტურ სეგმენტში ვართ და ჩვენი მომხმარებელი ფასებისადმი მგრძნობიარეა, გვინდა, რომ ნაკლებად შეიცვალოს ფასები. იმისთვის რომ ეს უზრუნველგვეყო, რაღაც უნდა მოგვეფიქრებინა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ისეთი სერვისი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა, არ შეგვეყვანა ფასში“, - განმარტა მან.

„მწვანე სკოლას“ ამჟამად თბილისში ოთხი კამპუსი აქვს. ოთხივე კამპუსის მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა დაახლოებით 5000-ია, მასწავლებელთა რაოდენობა - 500-მდე, ხოლო თანამშრომელთა ჯამური რაოდენობა 760-ზე მეტი. ბაკურ სულაკაურის თქმით, ეს მონაცემები მზარდია. მაგალითად, ყოველწლიურად "მწვანე სკოლის" მოსწავლეთა რაოდენობა საშუალოდ 500-700-ით იზრდება.

ბაკურ სულაკაურის თქმით, იგეგმება კამპუსების რაოდენობის ზრდაც. თუმცა, შემდეგი კამპუსის გახსნის პროცესი ერთი წლით გადავადდა. „სავარაუდოდ, კიდევ ორი წელი გვჭირდება იმისთვის, რომ 2-3 ფილიალის დამატება შევძლოთ“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები