აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, თვალჭრელიძის N1-ში, სადაც დღეს დილიდან მოსახლეობის გასახლების პროცესი დაიწყო, მუდმივად მცხოვრები ყველა, 39-ვე ოჯახი თანახმაა, მიიღოს აქამდე გაჟღერებული შეთავაზებები უძრავი ქონების გადაცემის ან ქირის ანაზღაურების შესახებ - ამის შესახებ ეროვნული ბიუროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სოფიკო ლოქაბიძემ განაცხადა.
საქმე ისაა, რომ თვალჭრელიძის N1-ში, ამორტიზებულ შენობა-ნაგებობებში, დაახლოებით 2 წელია 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მათგან, როგორც ჩანს, მხოლოდ 39-ია თანახმა გამოსახლებაზე. კახა კალაძემ განაცხადა, რომ მათგან თბილისში რეგისტრირებული მხოლოდ 9 ოჯახია, რომლებსაც ქირით გაყვანა შესთავაზეს.
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილზე მუდმივად მცხოვრები ყველა ოჯახი თანახმაა, მიიღოს ის შეთავაზება, რაც დღემდე იყო გაჟღერებული როგორც სახელმწიფო დაწესებულებებისგან, ისე კრედიტორისგან. ვგულისხმობ ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის და კრედიტორის შეთავაზებას, რაც გულისხმობს აქ მცხოვრები პირების, რომელთაც არ გააჩნიათ სხვა საცხოვრისი, გასახლებას მათთვის კონკრეტული უძრავი ქონების გადაცემით ან ქირით უზრუნველყოფით.
აღსრულების ეროვნული ბიურო ჩართულია და ეხმარება აქ მყოფ პირებს, რომ მათი მოძრავი ნივთები გადატანილ იქნეს იმ მისამართებზე, რომლებზეც ეს პირები მიგვითითებენ. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მორიგების პროცესმა გამოიღო შედეგი და ამ წუთსაც კრედიტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა აქ მუდმივად მცხოვრები პირები არ დარჩნენ ქუჩაში"- განაცხადა ლოქაბიძემ.
მისივე განცხადებით, აღსრულების ბიურომ გამოსახლების პროცესი იმიტომ დაიწყო, რომ შენობა საცხოვრებლად საშიშია, რაც ვიზუალურადაც ჩანს, თუმცა არსებობდა სამართლებრივი საფუძველიც, რომლის თანახმადაც შენობის მესაკუთრის უფლების დაცვა ბიუროს ძირითადი ფუნქციაა.
"პირველი მიზეზი, რატომაც დღეს აღსრულების ბიურო მხარდამჭერ უწყებებთან მისამართზე მოვიდა, გახლავთ ის მდგომარეობა, რაც გააჩნია შენობა-ნაგებობებს. ვიზუალურადაც შეიმჩნევა, რომ საშიშია საცხოვრებლად, თუმცა, ეს არ არის ცარიელი სიტყვები და ამ გარემოებას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია, უვარგისია საცხოვრებლად და, შესაბამისად, საჭიროებს დაუყოვნებლივ დემონტაჟს. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ბიურომ ვეღარ შეძლო, კიდევ ერთხელ გადაედო პროცესი და სწორედ იმიტომ, რომ აქ მცხოვრებთა ფიზიკური უსაფრთხოება ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ჩვენ დღეს მოვედით მისამართზე მხარდამჭერ უწყებებთან ერთად.
რაც შეეხება სამართლებრივ საფუძვლებს, ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ძირითადი ფუნქცია გახლავთ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, რაც გულისხმობს, მათ შორის, კრედიტორის უფლებას, მიიღოს დროში ეფექტიანად და სწრაფად ის შედეგი, რაც სასამართლო გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ არის დადგენილი; სახელმწიფოს ვალდებულებაა, მათ შორის, რომ იყოს საკუთრების უფლება დაცული და ამ შემთხვევაშიც პირმა, რომელიც რეალური მესაკუთრეა ამ ქონების, სასამართლო წესით მიიღო დადასტურება იმისა, რომ უნდა მოხდეს ფიზიკურ პირთა გამოყვანა ამ შენობებიდან.“ – განაცხადა სოფიკო ლოქაბიძემ.
ცნობისთვის, თვალჭრელიძის ქუჩაზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამორტიზებული შენობა-ნაგებობიდან 100-ზე მეტი ოჯახის, მათ შორის დევნილების, გამოსახლების პროცესი დღეს დილიდან დაიწყო. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, გამოსახლების პროცესს მოსახლეობის პროტესტი მოყვა, რის შემდეგაც საპოლიციო ძალებმა 4 ადამიანი დააკავეს.
მისამართზე მდებარეობს ხუთი შენობა შავი კარკასის მდგომარეობით. აღსრულების ბიუროს ინფორმაციით, შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია.
ფოტო: პუბლიკა




























