მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუხლობრივ განხილვაში არ შემოგყვებით. მთლიან კანონი გასაუქმებელი და მიუღებელია - გიორგი მსხილაძე

მსხილაძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე ამბობს, რომ „რუსული კანონის“ მუხლობრივ განხილვაში არ შევა, რადგან კანონი გასაუქმებელია და გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება. ამის შესახებ მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების კითხვაზე, კანონის რომელი მუხლი უქმნის საფრთხეს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, გიორგი მსხილაძის პასუხმა უმრავლესობის დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია და კომიტეტი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

„თქვენ მუხლობრივ შინაარსში გინდათ შემიყვანოთ ხომ... მე როგორც გავიგე, თქვენი კითხვაა კონკრეტულად რომელი მუხლები უშლის ხელს არასამთავრობო ორგანიზაციებს. მთლიანი კანონი უშლის ხელს. ამას მე კი არ გეუბნებით და კონკრეტული მუხლი კი არ გეუბნებათ, ვენეციის კომისიის 24-გვერდიანი დასკვნა გეუბნებათ, ეუთო-ოდირის 73-გვერდიანი დასკვნა გეუბნებათ, რომ ეს კანონი არის მიუღებელი.

მოტივირებულ შენიშვნებშიც მოყვანილია, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 22-ე მუხლს გაერთიანებების თავისუფლების შესახებ, მე-15 მუხლს პირადი და ოჯახური ცხოვრების და პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის შესახებ, მე-11 მუხლს თანასწორობის უფლების შესახებ და 78-ე მუხლს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. თუ ეს მუხლები გაინტერესებდათ, გავიმეორე. კანონის მუხლობრივ განხილვაში არ შემოგყვებით. კანონი არანაირ გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ვერ მათქმევინებთ იმას, რაც გინდათ, რომ ვთქვა“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის ჩაკითხვაზე კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, გიორგი მსხილაძემ გაიმეორა, რომ განხილვაში არ შევა და კანონი გასაუქმებელია.

„10 მუხლიდან არც ერთზე გაძლევთ განმარტებას. ვადასტურებ მე-11 მუხლის აუცილებლობას. მე ზუსტად იმ შეკითხვებზე გაგეცით პასუხი, რისი მანდატიც მქონდა“,- თქვა გიორგი მსხილაძემ.

როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს კითხვებზე პასუხის გაცემის გამბედაობა არ ეყო.

"ეს სამწუხარო ფურცლად შევა პრეზიდენტის ინსტიტუტის თვალსაზრისით, რომ თურმე, უნდა წარმოადგინონ საკითხი შინაარსობრივი განხილვის გარეშე", - თქვა ოხანაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები