მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მულჩის ბიზნესში კონკურენციას თბილისის მერიის კომპანია გვიწევს - „ჯეო მულჩი“

61eb1a4f0439c
BM.GE
10.02.22 22:40
3014
მულჩის ქართული მწარმოებელი კომპანია „ჯეო მულჩის“ დამფუძნებელი, მიხეილ მესტვირიშვილი ბაზარზე შექმნილ არაჯანსაღ კონკურენციაზე საუბრობს.

როგორც ბიზნესმენმა Bm.ge- სთან განაცხადა, მისი კონკურენტი თბილისის მერიის მიერ დაარსებული შპს „ეკოსერვის ჯგუფია“, რომლის საქმიანობის სფერო ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, სანიტარული ჭრა და ახლა უკვე მულჩის წარმოებაცაა.

ცნობისთვის, მულჩი ტყესა და ქალაქში სანიტარული ჭრების შედეგად დარჩენილი და გამოუყენებელი ხეების გადამუშავების შედეგად მიიღება, რაც ნიადაგის განაყოფიერებისთვის საჭირო პროდუქტია.
მესტვირიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მერიის საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ მულჩის წარმოება დაიწყო, კერძო ბიზნესი მას კონკურენციას ვერ უწევს, რის შედეგადაც წარმოების წლიური ბრუნვა თითქმის 60%-მდე შეუმცირდათ.

აღსანიშნავია, რომ „ეკოსერვის ჯგუფმა“ მულჩის დამზადება გასულ წელს დაიწყო.

„იმ სკვერებს და პარკებს, რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი კომპანია ამარაგებდა ახლა მათი მულჩით იფარება. ტენდერში ვეღარ ვიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ მერია აღარ აცხადებს, -მულჩს თავად აწარმოებენ და ტენდერიც აღარ სჭირდებათ. შედეგად წარმოება თითქმის 60%-მდე შეგვიმცირდა“, - აღნიშნა „ჯეო მულჩის“ დამფუძნებელმა.

როგორც ის ამბობს, თუ აქამდე კომპანიის წლიური ბრუნვა 700 000-მდე ლარი იყო, ახლა დაახლოებით 250 000 ლარია. შემცირდა კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობაც.

„ამერიკიდან წამოვედი, მულჩის წარმოების ტექნოლოგია წამოვიღე და აქ ფაქტობრივად სახელმწიფო გამიხდა კონკურენტი. თან ისეთი კონკურენტია, რომლის ხელშიც ნედლეულის მთლიანი წყაროა. გაურკვეველი აღრიცხვით, როგორც უნდათ და რამდენსაც უნდათ, იმდენს მიიღებენ. 2014 წლიდან მერიას ვეხვეწებოდი ნაგავსაყრელზე გადაყრის მაგივრად, ნედლეული ჩემთვის მოეცათ. ნაგავსაყრელიდან დაახლოებით 5 კილომეტრშია ჩვენი წარმოება და შევთავაზე, რომ ტრანსპორტირებისთვის საჭირო საწვავის ხარჯსაც დავფარავდი, მაგრამ არ დამთანხმდნენ. ორი წლის წინ მაია ბითაძეს შევხვდით და მან თქვა, რომ იურიდიულად არ ჰქონდათ უფლება ნედლეული, რომელსაც ყრიდნენ, ჩემთვის მოეყიდათ“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, მულჩის ბიზნესზე პანდემიაც უარყოფითად აისახა.

აღსანიშნავია, რომ მულჩის პირველი ქართული წარმოება შპს „ჯეო- მულჩმა“ 2014 წლიდან დაიწყო.
Bm.ge პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძეს დაუკავშირდა, რომელიც „ეკოსერვის ჯგუფის“ დაარსების პერიოდში კახა კალაძის მოადგილე იყო.
ბითაძის განმარტებით, „ეკოსერვის ჯგუფმა“ მულჩის წარმოება მერიის ბიუჯეტის ხარჯების შემცირების მიზნით დაიწყო და როგორც ის ამბობს შედეგიც სახეზეა, რადგან თუ მერიას კონტრაქტორი კომპანიებისგან მულჩის შეძენა ადრე ჯამში 300 000 ლარი უჯდებოდა ახლა ეს თანხა განახევრებულია.

ცნობისთვის, მანამ „ეკოსერვის ჯგუფი“ მულჩის წარმოებას დაიწყებდა, მერიას მულჩით შპს „ჯეო მულჩი“ და შპს „მალგიო“ ამარაგებდა.

„ორი ვარიანტი განიხილებოდა: ხე-მცენარეებს, რასაც „ეკოსერვის ჯგუფი“ გასხლავდა, როგორც სახელმწიფო ქონება ისე გაყიდულიყო, ან თვითონვე გადაემუშავებინა და ობიექტებზე შეეტანა. შესრულების კუთხით მეორე ვარიანტი უფრო იაფი და ეფექტიანი იყო, ამიტომ გადაწყდა საკუთარი ნარჩენი მერიას თვითონვე განეკარგა და მულჩი ეწარმოებინა. ეკონომიის კუთხით, თუ ჯამში მულჩის შეძენაში იხარჯებოდა 300 000 -მდე ლარი, ახლა ნახევარი იხარჯება. ასევე, ბევრად კარგად მუშაობს „ეკოსერვისი“ ვიდრე ნებისმიერი სხვა მერიის კონტრაქტორი კომპანია, რომელიც გამწვანების კუთხით აქამდე მუშაობდა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

კითხვაზე, - თუ რას უპასუხებდა „ჯეო მულჩის“ დამფუძნებელს, რომელმაც განაცხადა, რომ "ეკოსერვის ჯგუფის" მიერ მულჩის წარმოების დაწყების შემდეგ, ბაზარზე არაკონკურენტული გარემო შეიქმნა", მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ ამ მიდგომით, "ეკოსერვის ჯგუფის" შექმნაც არათაბარი კონკურენციაა, რადგან კომპანიას მულჩის წარმოების გარდა, სხვა ბევრი ფუნქციაც აქვს.

„ეს არის სახელმწიფო შპს, რომელიც ძლიერდება და თვითონ უვლის ქალაქის იმ ნაწილებს, რომლის მოვლაც მერიას თვითმმართველობის კონტექსტით ევალება. ადრე რასაც კონტრაქტორი კომპანიები აკეთებდნენ, ახლა "ეკოსერვის ჯგუფი" აკეთებს და მისი მთავარი მიზანია გამწვანების ყველა კომპონენტის უზრუნველყოფა", - განაცხადა მაია ბითაძემ.

რაც შეეხება "ეკოსერვის ჯგუფის" მიერ ხე-მცენარეების გასხლული ნაწილის კერძო ბიზნესზე გასხვისებას, ბითაძე ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არა რაციონალური იქნებოდა: “2018 წლამდე (მანამ "ეკოსერვის ჯგუფი" დაარსდებოდა) თბილისის მერიას მერქნული რესურსის, როგორც სახელმწიფო ქონების, გასხვისების პრაქტიკა არ ჰქონია. ახლა ამ პრაქტიკის განზოგადება და დანერგვა რაციონალური არ არის, რადგან არსებობს "ეკოსერვის ჯგუფი", რომელიც თვითონ სხლავს, უვლის და მულჩი შეაქვს. ამ შემთხვევაში ამ რესურსის გაყიდვა აზრს მოკლებულია“.

bm.ge -მ აღნიშნულ საკითხზე მერიის პასუხიც მოისმინა, სადაც აცხადებენ, რომ ნიადაგის მულჩირება „ეკოსერვის ჯგუფი“-ის წესდების ნაწილია და მათ მიერ მულჩის წარმოების დაწყება კერძო ბიზნესისთვის კონკურენციის გაწევის აუცილებლობით არ იყო განპირობებული.

„კომპანიას მულჩის წარმოების დაწყების მომენტისთვის გააჩნდა ბაღის/პარკის ნარჩენის მულჩის ნედლეულად გარდაქმნისთვის საჭირო აგრეგატები და მათზე დამატებითი სახსრების მიმართვა არ განხორციელებულა. გარდა აღნიშნულისა კომპანიას თავად გააჩნია სათანადო ადამიანური რესურსი (მუშახელი) წარმოებული მულჩის სარეკრეაციო სივრცეებში შესატანად.

გადაწყვეტილება შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ მულჩისა და მულჩირების სამუშაოების წარმოების შესახებ განპირობებული იყო არა კერძო ბიზნესისთვის კონკურენციის გაწევის აუცილებლობით, არამედ შემდეგი გარემოებებით: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 21 თებერვლის N18.8.66 განკარგულებით დამტკიცებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ეკოსერვის ჯგუფი“-ს წესდების შესაბამისად კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთ საგანს ნიადაგის მულჩირება წარმოადგენს“, - განმარტავენ მერიაში.

ცნობისთვის, შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ მულჩის წარმოება 2021 წელს დაიწყო და 2022 წლის 31 იანვრის მდგომარეობით კომპანიაში 625 ადამიანია დასაქმებული.

ამასთან, თბილისის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, რაიმე სახის ღონისძიება მულჩის კერძო ბიზნესის წახალისებისთვის არ იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები