საქართველოს მთავრობამ 2020−2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტი ადგილობრივი თვითმმართველობების წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს მოიცავს, მათ შორის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების მიმართულებით.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წელს მთავრობა ქონების გადასახადით დაბეგვრის წესის და დღეს არსებული საგადასახადო შეღავათების გადახედვას გეგმავს.
გარდა ამისა, საშუალოვადიან პერიოდში საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების მომზადება იგეგმება, რომლის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარი შემოსავლების გაზრდაა.
"ამ კუთხით განხილული იქნება საშემოსავლო გადასახადის საზიარო წილის/პროცენტის ცვლილება. შემუშავდება საკანონმდებლო ბაზა საშემოსავლო გადასახადის ფიზიკური პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად", - წერია დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის საკითხებს, ამ კუთხით მთავრობა გადასაცემი ქონების ნუსხის ფორმებისა და ვადების გადახედვას გეგმავს.
როგორც სტრატეგიაში წერია, სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის ქონების გადაცემის და რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდება, 2025 წლის ბოლოს კი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაურეგისტრირებელი ქონების მესაკუთრე შესაბამისი მუნიციპალიტეტი გახდება.
ცნობისთვის: 2018 წელს მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემული ქონების რადენობა 914 ერთეულს შეადგენს.