მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალიტეტებმა 61.5 მლნ ლარი დახარჯეს ა(ა)იპ-ებში, რომლებიც შემდეგ გაუქმდა – აუდიტი

61d3fe72655da
დავით ჯალაღონია
04.01.22 15:16
1571
"მუნიციპალიტეტის მხრიდან იურიდიული პირების შექმნა ზოგ შემთხვევაში არ შეესაბამება თვითმმართველობების პრიორიტეტებს და არ წყვეტს მოსახლეობის წინაშე მდგარ პირველი რიგის პრობლემებს", – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2014-2019 წლებში მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (ა(ა)იპ-ების) მართვას ეხება.

უწყების განმარტებით, მუნიციპალიტეტები ხშირ შემთხვევაში ორგანიზაციებს ქმნიან ისე, რომ მათი საჭიროება ობიექტური გარემოებებიდან არ გამომდინარეობს, ხოლო მას შემდეგ რაც გაირკვევა, რომ ა(ა)იპ დამატებით სარგებელს ვერ ქმნის, ხდება მისი ლიკვიდაცია, თუმცა ლიკვიდაციის შემდეგ მუნიციპალიტეტები ხშირად ისევ სათანადო გათვლების გარეშე აფუძნებენ ახალ ორგანიზაციებს, რაც არაეფექტიან ხარჯვას იწვევს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მთლიანობაში 2014-2019 წლებში მუნიციპალიტეტებში 169 ა(ა)იპ-ის ლიკვიდაცია განხორციელდა, რომელთა დაფინანსებაზეც 61,592.8 ათასი ლარი არის დახარჯული. ამავე პერიოდში 120 ახალი ა(ა)იპ-ი შეიქმნა, რომელთაგან 54 არსებული იურიდიული პირების შერწყმის შედეგად დაფუძნდა.
"ა(ა)იპ-ების ფუნქციონირებაზე გაწეული ხარჯები შესაძლებელია, შეფასდეს როგორც არაეფექტიანი ხარჯი", – წერს უწყება და აქვე, აღნიშნული დასკვნის დასაბუთების მიზნით რამდენიმე მაგალითი მოჰყავს.

"2014-2019 წლებში სოფლის მეურნეობის სფეროში 6 მუნიციპალიტეტში თითო ა(ა)იპ ფუნქციონირებდა, რომელთა დასაფინანსებლად 1,946.2 ათასი ლარი არის დახარჯული. ყველა ამ ორგანიზაციის ფუნქცია, მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობის სფეროში დახმარება, ადგილობრივი ჯიშების გადარჩენა, მეცხოველეობის და მემცენარეობის განვითარება იყო.

2018 წელს 2 მუნიციპალიტეტში შედეგების მიუღწევლობის გამო ა(ა)იპ-ები დაიხურა. გაუქმებული ა(ა)იპ-ების დაფინანსებაზე 536.5 ათასი ლარი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტების პასუხისმგებელი პირებისგან მიღებული განმარტებით, დარჩენილ ა(ა)იპ-ებსაც უპირებენ ლიკვიდაციას, რადგან ამ სფეროში შექმნილმა ორგანიზაციებმა არასათანადო დაგეგმვის და მართვის გამო დასახულ მიზნებს ვერ მიაღწიეს", – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ასევე, ნაკლებად საჭირო ორგანიზაციების ჩამონათვალში აუდიტის სამსახური მოსახლეობაში ადგილობრივი მნიშვნელობის ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილ ა(ა)იპ-ებზე წერს.

"2014-2019 წლის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით 11 მუნიციპალიტეტში შექმნილია ა(ა) იპ-ები, რომელთა ფუნქცია არის მოსახლეობაში ადგილობრივი მნიშვნელობის ინფორმაციის გავრცელება. ჯამში ამ დაწესებულებების ფუნქციონირებაზე დახარჯულია 2,265.5 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ იმავე თვითმმართველობებში შექმნილია კერძო ორგანიზაციები, რომლებიც აწვდიან მოსახლეობას მსგავსი ტიპის ინფორმაციას. შესაბამისად, აღნიშნული ა(ა)იპ-ების დაფინანსება ადგილობრივ მცხოვრებლებს მნიშვნელოვანი დამატებითი სერვისით ვერ უზრუნველყოფს", – წერს უწყება.

დასახელებული მაგალითების საფუძველზე, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა ა(ა)იპ-ების საქმიანობის დაგეგმვის და მართვის პროცესში იხელმძღვანელონ ხარჯთეფექტურობის პრინციპიდან გამომდინარე. "იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობა გადაწყვეტს დაფუძნებული იურიდიული პირების რეორგანიზაციას, მნიშვნელოვანია წინასწარ დაგეგმოს რეორგანიზაციის მიზნები/ამოცანები და უზრუნველყოს მათი შესრულება. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალური რესურსების მართვის ეფექტიანობას", – ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები