მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიქტიური გარიგებები და არასამართლიანობა დევნილებისთვის ბინების განაწილებაში - რა გამოავლინა აუდიტმა?

ბინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვისა და განაწილების კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეისწავლა. ანგარიშის თანახმად, რომელიც 2020-2021 წლებს მოიცავს, დევნილ ოჯახებს შორის საცხოვრებელი ბინების არასამართლიანი განაწილების რისკი იკვეთება.

აუდიტის სამსახური დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის არაერთგვაროვან მიდგომაზე მიუთითებს. როგორც კომისიის გადაწყვეტილებების შესწავლამ აჩვენა, ხშირად, იმის გამო, რომ დევნილი ოჯახი ნათესავთან ცხოვრობდა, კომისიას უარი აქვს ნათქვამი ბინით დაკმაყოფილებაზე, თუმცა რიგ ანალოგიურ შემთხვევებში დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული. აღსანიშნავია, რომ არსებული კრიტერიუმებით, სხვის სახლში ცხოვრების შემთხვევაში, ოჯახს უპირატესობა უნდა მიენიჭოს, რასაც კომისია უგულებელყოფს. არის შემთხვევები, როდესაც კომისია ბინით დაკმაყოფილებისთვის საკმარისზე 3-4-ჯერ მეტი ქულის მქონე ოჯახებს უარს ეუბნება. ამას გარდა, არაერთგვაროვანი მიდგომის შედეგად, ხშირად, კონკრეტულ ეტაპზე აუთვისებელი რჩება ბინები. აუდიტის სამსახური სასურველი დაბალქულიანი ოჯახების განსახილველთა სიაში ხელოვნურად მოხვედრის რისკებზეც მიუთითებს.

აუდიტის შედეგად გამოვლენილი კიდევ ერთი გარემოებაა, რომ ზოგიერთი დევნილი ოჯახი, რომელიც რამდენიმე საცხოვრებელს და უძრავ ქონებას ფლობს, სახელმწიფოსგან დამატებითი ბინის მიღების მოტივით, საკუთარ ქონებას ფორმალურად, ჩუქების, თუ ნასყიდობის ფორმით, სხვაზე აფორმებს. ანგარიშში განხილულია კონკრეტული ოჯახის მაგალითი, რომელსაც სამოთახიანი ბინა გადაეცა.

"ოჯახის განმცხადებელს, მის ოჯახზე ბინის გადაცემამდე პერიოდში, უფიქსირდება ქალაქ თბილისში ბინის საკუთრება, რომელიც ჩუქების ხელშეკრულებით გადააფორმა შვილზე. ნაჩუქარი ბინა შვილმა ასევე ჩუქების ხელშეკრულებით გადაუფორმა ყოფილ მეუღლეს. ამ უკანასკნელმა, სახელმწიფოს მიერ ოჯახის ბინით დაკმაყოფილების შემდეგ, აღნიშნული ბინა ასევე ჩუქების ხელშეკრულებით დაუბრუნა საწყის მესაკუთრეს (განმცხადებელს). ამ უკანასკნელმა შემდგომ პერიოდში შეიძინა კიდევ ერთი ბინა თბილისში და საკუთრებაში ჰქონდა ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მისმა შვილმა ასევე შეიძინა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით. შედეგად, ფიქსირდებოდა მოჩვენებითი გარიგების ნიშნები, სახელმწიფოსგან ოჯახის ბინით დაკმაყოფილების უზრუნველყოფის მიზნით“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, აუდიტის სამსახურის შეფასებით, მაღალია რისკი, რომ ის დევნილი ოჯახები, რომლებსაც რეალურად საცხოვრებლის პრობლემა არ აქვთ, კერძო პირისგან ბინის შესყიდვაზე განაცხადს შემოსავლის მიღების მიზნით აკეთებენ.

„სააგენტოს მიერ საცხოვრებელი ფართის დევნილი ოჯახების სასარგებლოდ, კერძო პირებისგან შესყიდვის (შესაბამისად, თანხების ჩარიცხვის) შემდგომ, დევნილი ოჯახები საცხოვრებლებს უკან უბრუნებენ კერძო პირებს. იქმნება რისკი მოჩვენებითი გარიგებების არსებობასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია შემოსავლების მიღება და არა საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

გამოვლინდა ასევე შემთხვევები, როდესაც დევნილი ოჯახები ახდენენ სააგენტოს მიერ მათთვის შესყიდული საცხოვრებელი ფართების რეალიზაციას გაფორმებიდან მოკლე პერიოდში“,- წერია აუდიტის ანგარიშში.

ბინების განაწილებასთან ერთად, ხარვეზებია დევნილებისთვის გადასაცემი ბინების შესყიდვაში. ასე მაგალითად, გორში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, კომპანიას დაუსაბუთებელი მიზეზებით ეთქვა უარი ხელშეკრულების გაფორმებაზე, რის შედეგადაც დაიკარგა 120 ათასი აშშ დოლარის ეკონომიის შესაძლებლობა. ამას გარდა, თბილისში მენაშენისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას, დაუსაბუთებლად გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, რამაც 302.9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა გამოიწვია.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით, 2020-2021 წლებში ჯამურად გადახდილი თანხა 150.5 მილიონი ლარია. ამავე პერიოდში, საცხოვრებლით 4 671 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები