მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შენიშვნები აქვს აუდიტის სამსახურს 2023 წლის კორექტირებულ ბიუჯეტზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს პარლამენტი 2023 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტს განიხილავს. ცვლილებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 431 მილიონი ლარით იზრდება. მთლიანობაში მთავრობა წელს 22.3 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს. 

დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტს ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა წარუდგინა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მაკრო-ფისკალური მიმართულებით ბიუჯეტის პარამეტრები კარგ დონეზე ნარჩუნდება. მათ შორის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 3%-ზე ნაკლებია, ხოლო სახელმწიფო ვალი 60%-ზე დაბლაა. 

თუმცა, უშუალოდ ბიუჯეტის ხარჯებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ დოკუმენტს თან არ ახლავს განახლებული პროგრამული ბიუჯეტი, რის გამოც უცნობი რჩება ის დეტალები თუ საბოლოოდ რა პროგრამის განახლებული დაფინანსებით რა პროექტების განხორციელება იგეგმება. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენიშვნები 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე:

  • ზემოაღნიშნული პროგრამების დაფინანსების ცვლილების არსებითი ხასიათის მიუხედავად, კანონპროექტს არ ახლავს განახლებული პროგრამული ბიუჯეტის დანართი. შესაბამისად ვერ ხერხდება იმის დადგენა, თუ რა გავლენა ექნება დაფინანსების ცვლილებას შესაბამისი პროგრამების და მათ ფარგლებში განსაზღვრული ქვეპროგრამების მოსალოდნელი შედეგების სამიზნე მაჩვენებლებზე. ბიუჯეტის ანგარიშგების ეტაპზე მიღწეული შედეგების სრულყოფილად შეფასებისა და ფინანსურ და არაფინანსურ ინფორმაციას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის უზრუნველყოფისათვის, მნიშვნელოვანია, კანონპროექტში წარმოდგენილი ფინანსური ცვლილებების შესაბამისად, მხარჯავი უწყებების მიერ განხორციელდეს პროგრამული ბიუჯეტის ნაწილში მიზნობრივი მაჩვენებლების კორექტირება; 
  • კანონპროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათის მიხედვით, კაპიტალური პროექტების ნაწილს მნიშვნელოვნად ეცვლება დაფინანსება. მიუხედავად ამისა, კანონპროექტს არ ახლავს განახლებული კაპიტალური პროექტების დანართი. შესაბამისად, ვერ ხერხდება იმის იდენტიფიცირება, თუ რა მასშტაბის თვისობრივი და თანხობრივი კორექტირება განიცადა კაპიტალურმა პროექტებმა; 
  • ასევე, კანონპროექტთან ერთად არ მომხდარა სსიპ/ა(ა)იპ-ების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ განახლებული ინფორმაციის წარმოდგენა, რაც ართულებს ცვლილებების გავლენის შეფასებას აღნიშნულ ორგანიზაციებზე. 

“სახელმწიფო ბიუჯეტის მოქმედი კანონით განსაზღვრული 54 მხარჯავი დაწესებულებიდან დაფინანსება ეზრდება 12-ს, მათ შორის, 9 სამინისტროს. სამინისტროებისთვის დამატებით გამოყოფილი თანხის ჯამური ოდენობა 424.5 მლნ ლარს შეადგენს. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების დაფინანსება მცირდება 17.6 მლნ ლარით.

რაც შეეხება პროგრამებს, მოქმედი კანონით მხარჯავი დაწესებულებებისთვის განსაზღვრული 128 პროგრამიდან დაფინანსება ეცვლება 18-ს. მათ შორის, 16 პროგრამის შემთხვევაში ასიგნებები მატულობს, ჯამურად 458.8 მლნ ლარით, ხოლო 2 პროგრამის ასიგნებები მცირდება 13.0 მლნ ლარით,”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები