მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“ - ლიზა სოფრომაძე

647b046f225be
ლიკა მეგუთნიშვილი
03.06.23 14:31
688
„მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“ - ამის შესახებ გადაცემა BMGDRIVE-ში ადგილობრივი განვითარებისა და უნარების ამაღლების კონსულტანტმა, ლიზა სოფრომაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი სათანადოდ განხორციელდეს, ძალიან დიდი როგორც ფინანსური, ისე მატერიალური რესურსია საჭირო.

„დეცენტრალიზაცია არის პროცესი, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება რესურსებთან ერთად უფლებამოსილებას გადასცემს ადგილობრივ ხელისუფლებებს და ეუბნება, რომ ეს უფლებამოსილება განახორციელოს. იმისთვის რომ სერვისმა იმუშაოს, მუნიციპალიტეტს ძალიან დიდი რესურსი სჭირდება, რომ ჯერ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყოს, სერვისის ბიზნეს პროცესი გამართოს, შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები დაასაქმოს და ასევე, დათვალოს, თუ რა ჯდება ამ სერვისის ფასწარმოქმნა“, - აღნიშნა სოფრომაძემ.

როგორც ის აღნიშნავს, დეცენტრალიზაციის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს ერთიანი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ურბანული განვითარება, ურბანული სერვისები, ასევე სატრანსპორტო, სოციალური თუ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა.

"საქართველოში ხშირად ემოციურად ვაფასებთ დეცენტრალიზაციას. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ USAID-ის დახმარებით ძალიან საინტერესო კვლევა გააკეთა დეცენტრალიზაციის საკითხის შემუშავებისას. პოლონელმა ექსპერტებმა ზუსტი მეთოდოლოგია დადეს, თუ როგორ შეგვიძლია შევაფასოთ სერვისი, როგორია მისი ტერიტორიული დაფარვა, ინფრასტრუქტურა, ფასწარმოქმნა თუ მიწოდების კანონმდებლობა. მაგალითად, რატომ არის დღეს ყველგან მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა? პირველი იმიტომ, რომ ძალიან ძვირია ტრანსპორტის შესყიდვა და დიდ მატერიალურ რესურსს მოითხოვს. ასევე, საჭიროა კომპეტენცია, თუ როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი ორგანიზებული, სად უნდა შემოვიყვანოთ კერძო სექტორი და ა.შ. ამ ყველაფერთან ერთად, დღეს უნივერსიტეტებშიც კი არ გვაქვს ის სპეციალობები, რაც ამ დეცენტრალიზაციის განხორციელებას ხელს შეუწყობს“, - აცხადებს ლიზა სოფრომაძე.

სოფრომაძე ასევე აღნიშნავს, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ინფორმაციის ნაკლებობა იმ რესურსების შესახებ, რაც რეალურად გვაქვს.

„მეტი კვალიფიკაცია და მეტი პროფესიული, საგნობრივი დისკურსი გვჭირდება, რომ ქვეყნის ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქგეგმარების პროცესში ვიცოდეთ, რა რესურსი გვაქვს და როგორ ვავითარებთ მას. ეს არის ძალიან რთული, თანამონაწილეობითი პროცესი, რომელსაც ხელისუფლების, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების ერთობლივი მუშაობა სჭირდება“, - განაცხადა ადგილობრივი განვითარებისა და უნარების ამაღლების კონსულტანტმა, ლიზა სოფრომაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები