თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ელექტრომობილების დამტენები საპრივატიზაციოდ მზადდება, რომ კერძო კომპანიას გადაეცეს. როგორც წილოსანმა bm.ge-ის უთხრა, მუნიციპალიტეტი კერძო სექტორთან კონკურენციაში არ შედის, შესაბამისად, მიიღო ეს გადაწყვეტილება.
„მუნიციპალიტეტს ჰქონდა წახალისების პროგრამა. ეს იყო დაახლოებით 1-წლიანი პროგრამა, შედიოდი გვერდზე, უნდა მოგენიშნა შენთვის სასურველი ადგილი, მუნიციპალიტეტი ყოველი თვის ბოლოს აგროვებდა ამ ტიპის ადგილებს, სადაც ყველაზე მეტი მოთხოვნა იყო, იქ ხდებოდა ელექტროდამტენის მონტაჟი. ეს პროგრამა დასრულებულია ამ ეტაპზე, თუმცა კერძო სექტორი გააქტიურებულია და შემიძლია ვთქვა, რომ ორჯერ მეტი რაოდენობის კერძო დამტენია ქალაქში, ვიდრე მუნიციპალური, ეს ნიშნავს, რომ პროცესი ვითარდება და ეს კარგია.
ვიცით, რომ იმატებს ელექტრომობილების რაოდენობა და შესაბამისად, კერძო სექტორმაც დაინახა საჭიროება. კონკურენციაში არ შევდივართ კერძო სექტორთან და შესაბამისად, პირიქით, ხდება მუნიციპალური დამტენების იდენტიფიცირება და საპრივატიზაციო წინადადების მომზადება, განვიხილავთ ამ პროცესს და შესაბამისი სამსახური ალბათ მოახდენს ამ წინადადების წარდგენას. თუ სწორად მახსოვს ახლა 54 სატენია. არსებობს გვერდი maps.gov.ge და იქ არის სპეციალურად დატანილი ეს დამტენები და მომხმარებელს შეუძლია ნახოს“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.