ევროკავშირმა და ჩინეთმა ორდღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ ავტომობილებსა და იშვიათ მეტალებზე სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს.
არსებული ინფორმაციით, პეკინში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ევროპულ ბაზარზე ჩინური ჰიბრიდული ავტომობილების ექსპორტის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს. ევროკომისარმა მაროშ შეფჩოვიჩმა და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა ვანგ ვენტაომ მოლაპარაკებების პირველი ეტაპის წარმატებით დასრულება ოფიციალურადაც დაადასტურეს.
აღსანიშნავია, რომ მიღწეული შეთანხმება ევროპაში ჩინური ჰიბრიდული და პლაგინ-ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის ორჯერ მეტად შემცირებას ითვალისწინებს. ევროკომისიის შეფასებით, ეს ნაბიჯი ადგილობრივი საავტომობილო სექტორის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
კიდევ ერთი გარიგება, რომელიც დაიდო, შეეხება კრიტიკულ მინერეალებს. ჩინურმა მხარემ ევროპისთვის უმნიშვნელოვანესი იშვიათი მიწათა ელემენტებისა და მუდმივი მაგნიტების საექსპორტო ლიცენზირების პროცედურები გაამარტივა. როგორც მედია წერს, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მწვანე ტექნოლოგიების, თავდაცვისა და საავტომობილო წარმოების განვითარებისთვის გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
რაც შეეხება ევროპულ ექსპორტს, შეთანხმებით ჩინეთის ბაზარზე ევროკავშირის პროდუქციის დაშვება საგრძნობლად გაფართოვდა. ახალი პირობები საავტომობილო ნაწილების, ზეითუნის ზეთისა და ფეხსაცმლის ექსპორტს შეეხება. ოფიციალური ბრიუსელის განცხადებით, სატარიფო შეღავათების შედეგად ევროპული კომპანიები სულ მცირე €225 მილიონის საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლდებიან.
ცნობისთვის, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები გასული წლის ივნისიდან მიმდინარეობდა. ბრიუსელი ჩინეთთან არსებული ყოველდღიური €1-მილიარდიანი სავაჭრო დეფიციტის დაბალანსებას ცდილობდა.
























