მუნიციპალურმა ინსპექციამ აეროპორტის მიმდებარედ უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა - ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, სახელმწიფო მიწების მასშტაბურად დაკავება-მიტაცების კიდევ ერთი ფაქტი ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აეროდრომის შეზღუდვის არეალში, განსაკუთრებული რეგულირების ზონაში გამოვლინდა.
კალაძე ირწმუნება, რომ მიწის მიტაცების ფაქტების უკან შეძლებული პირები დგანან.
„როგორც გახსოვთ, იყო შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო მიწებზე ხდებოდა უნებართვო შენობა-ნაგებობების განთავსება, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც იმ ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი და აქვთ უსახლკაროს სტატუსი, გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს. სახელმწიფო მიწების მითვისება და მასზე
უკანონო მშენებლობების განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ დავაფიქსირეთ შემთხვევები და საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ძირითადად ამ ფაქტების უკან იდგნენ ადამიანები, რომელთაც ბიზნესები აქვთ ქალაქში, ფლობენ რამდენიმე საცხოვრებელ ბინას, რეგიონებში ძალიან დიდი ტერიტორიებს. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც გაჭირვებულ ოჯახებს
იყენებდნენ ფარად ასეთი ადამიანები. შესაბამისად, ის დამოკიდებულება, რომ სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობები მოხდეს, კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება გამოვლენილ კანონდარღვევას, თბილისის მერის თქმით, მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ტერიტორიაზე უკანონოდ განთავსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა.