მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მუშახელის დეფიციტის გამო, თბილისში 24-საათიანი მარკეტები და აფთიაქები იხურება" - ბიზნესი

მარკეტი

"მომრავლდა შემთხვევები, რომ 24-საათიანი ობიექტები იხურება", - ამის შესახებ "რიტეილ ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარემ, სოფიო ქაშაკაშვილმა BMG-სთან განაცხადა. მისი თქმით, ამის მთავარი მიზეზი კადრების დეფიციტია.

"ყველაზე მწვავე მიზეზი კადრების დეფიციტია. ეს გამოწვევა PMC კვლევითი ცენტრის კვლევამაც გამოავლინა. ამ კვლევაში კადრების დეფიციტი გამოწვევად არის გამოტანილი. ამასთან, ქსელებს გააჩნიათ კიდევ ერთი პრობლემა: მაღალი საოპერაციო ხარჯები. ღამის განმავლობაში დაცვაა საჭირო, რადგან კრიმინალი გაზრდილია; კომუნალურები გადასახდელია, მუშა ხელის ხელფასი - ეს საოპერაციო ხარჯები იმდენად მაღალია, რომ ღამის საათებში მარკეტების შენახვის ხარჯებს ვერ ფარავს. შესაბამისად, ესეც განაპირობებს 24-საათიანი მაღაზიების ინტენსიურ დახურვას", - განაცხადა სოფიო ქაშაკაშვილმა.

ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, ბიზნესი ეცდება, თითო უბანში ერთი 24-საათიანი მაღაზია მუშაობდეს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ვერ მოხერხდეს და პრობლემა რეგიონებშიც განვითარდეს.

მარკეტებთან ერთად, 24-საათიანი აფთიაქებიც იხურება. აქაც მთავარი მიზეზი სამუშაო ძალის ნაკლებობაა. "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის, ილონა კოკიაშვილის განცხადებით, ბაზარზე ფარმაცევტების დეფიციტია.

"სხვა ფაქტორებიც არსებობს [აფთიაქების დახურვის], მაგრამ ეს მაინც ფარმაცევტების სიმცირესთან არის დაკავშირებული. განათლების სამინისტროს წყაროებს თუ დავეყრდნობით, რატომღაც ცოტა ადამიანი აბარებს ამ მიმართულებით, მათი უმრავლესობა კი მიმართულებას იცვლის. შედეგად, ცოტა ფარმაცევტი გვყავს", - განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.

კითხვაზე, კადრების დეფიციტის მიზეზი დაბალი ანაზღაურება ხომ არ არის, ილონა კოკიაშვილმა აღნიშნა, რომ ფარმაცევტებს საშუალოზე მაღალი ხელფასები აქვთ.

"რა თქმა უნდა, მაღალი ხელფასებით ვერ დავიკვეხნით, მაგრამ საშუალოზე მაღალი ხელფასები არის. 800, 1000, 1200 ლარია ხელფასები, გააჩნია რა საფეხურებზე არიან ფარმაცევტები. მათი ანაზღაურება პირდაპირ დამოკიდებულია მათ კვალიფიკაციაზე", - აღნიშნა ილონა კოკიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები