მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუშაობა არაკონკურენტულ გარემოში უკანონოდ მოქმედ საწარმოებთან გვიწევს - "აა პლასტი"

609d1a3b1c694
ინგა მურუსიძე
15.05.21 14:49
873
მუშაობა არაკონკურენტულ გარემოში უკანონოდ მოქმედ საწარმოებთან გვიწევს, - ამის შესახებ bm.ge-ს ბიოდეგრადირებადი პარკების მწარმოებელი კომპანია “აა პლასტის” იურისტმა მელიტა პატარიძემ განუცხადა.

საქმე ის არის, რომ 2019 წლის 1 აპრილიდან ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების გამოყენება აკრძალულია, სანაცვლოდ კი ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენება უნდა მოხდეს, თუმცა როგორც მელიტა პატარიძე ამბობს, საწარმო "აა პლასტი" სრულად გადავიდა ბიოპარკების წარმოებაზე, რაც საკმაოდ ძვირი დაჯდა, მათ შორის დანადგარის შეძენა, ლიცენზიის მიღება (7000 ევროზე მეტი) და ა.შ.

"ჩვენ ბიოპარკების წარმოებაზე სრულად გადაწყობა მოგვიწია და ასეც მოვიქეცით. თუმცა ეს საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა. მხოლოდ ლიცენზიაში 7 ათას ევროზე მეტი გადავიხადეთ. ავიღეთ სერტიფიკატი, განვაახლეთ დანადგარები და ვასრულებთ კანონით დადგენილ ყველა ნორმას. ამ ყველაფრის შემდეგ კი კონკურენციაში გვიწევს შესვლა კანონდამრღვევ პატარ-პატარა საწარმოებთან, რომლებიც ლიცენზიის გარეშე აწარმოებენ ბიოპარკებს და მათ რეალიზაციას ახდენენ", - განაცხადა მელიტა პატარიძემ.

მისივე თქმით, ლიცენზიის გარეშე დამზადებული ბიოდეგრადირებადი პარკი თითქმის 1 თეთრზე მეტით ნაკლები ჯდება და ზოგიერთ მაღაზიას ურჩევნია ნაკლებფასიანი, არალიცენზირებული პარკით გაყიდოს პროდუქცია.

მელიტა პატარიძე პრობლემად არ თვლის კანონის აღსრულების ნაწილს. მაგალითად მისი თქმით, მუნიციპალიტეტების მერიები საკმაოდ აქტიურები არიან შემოწმებების და დაჯარიმებების ნაწილში.

"მერია ამოწმებს მაღაზიებს უშუალოდ, გარდა ამისა, აქტიურად მოწმდება საწარმოებიც, თუმცა ჯარიმა არის 500 ლარი და ზოგიერთი მაღაზია ამბობს, რომ ჯარიმის გადახდა ურჩევნია, ლიცენზირებული პარკების შეძენას, რადგან ასე ნაკლები ხარჯი აქვს. ვფიქრობ, ამ კუთხით ჯარიმები გადაიხედება", - ამბობს იურისტი და დასძენს, რომ იგივე ხდება საწარმოების შემთხვევაშიც, ურჩევნიათ 500 ლარის გადახდადა პროდუქციის კონფისკაცია, ვიდრე ლიცენზიაში დიდი თანხის გადახდა.

რაც შეეხება "აა პლასტის" საწარმოს და პანდემიის გამო შექმნილ პრობლემებს, როგორც კომპანიის იურისტი აცხადებს, გაყიდვებმა მნიშვნელოვნად იკლო, რაც ორ ფაქტორს უკავშირდება: ბიოპარკების მცირე მოცულობით დამზადება დანადგარის სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ ხდება და მაღაზიების ნაწილი დაიკეტა ან პარკების შესაძენად ფული არ აქვს.

ის რეალიზაციის მოცულობების ზუსტი დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ კლება არც ისე მცირეა, ამის მიუხედავად, "აა პლასტი" საწარმოს ყველა თანამშრომელს ინარჩუნებს.

"საწარმოში 120-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული და ერთი დღე არ გავჩერებულვართ. ლოქდაუნის, ან ტრანსპორტის შეზღუდვის დროს თანამშრომლები თავად მოგვყავს. ხარჯები გაგვეზარდა, თუმცა საწარმოს მუშაობა მნიშვნელოვანია და ვერ გავჩერდებოდით. სასურსათო მაღაზიების გარდა აფთიაქებს და საავადმყოფოებსაც ვამარაგებთ, შესაბამისად, მუშაობის შეწყვეტა ჩვენი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა", - აღნიშნა მელიტა პატარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები