მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუსიკალური გამაძლიერებლების მწარმოებელ Marshall-ს შვედური Zound Industries-ი ყიდულობს

6425655f4a430
გიორგი არონია
31.03.23 01:00
659

მუსიკალური გამაძლიერებლების მწარმოებელი ლეგენდარული ბრიტანული კომპანია, Marshall-ი, რომლის გამაძლიერებლებს,მათ შორის, ჯიმი ჰენდრიქსი და კურტ კობეინი იყენებდნენ, გაიყიდა. ის შვედურმა Zound Industries-მა შეიძინა, რომელიც, ამ დრომდე, Marshall-ის ბრენდის ყურსასმენებსა და დინამიკებს აწარმოებდა.

გარიგების დეტალები საჯარო არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ შერწყმის შედეგად შექმნილ კომპანიას Marshall Group-ი დაერქმევა და მისი უდიდესი აქციონერი, 24%-იანი წილით, მარშალების ოჯახი იქნება.

როგორც Zound-ის ამჟამინდელი და Marshall Group-ის მომავალი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ჯერემი დე მაიო The Verge-თან საუბრისას ამბობს, ბრიტანული კომპანია მათ ინჟინრული ექსპერტიზისა და ბრენდის ცნობადობის გამო შეისყიდეს. “ჩემი გადმოსახედიდან, Zound-ის პროდუქტებით მუსიკის მოსმენადაა შექმნილი, Marshall-ისა კი მუსიკის შესაქმნელად ან დასაკვრელად”, - ამბობს დე მაიო, რომლის თქმით, ეს ბიზნესები ერთმანეთს ავსებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ კომპანიის ახალი მფლობელები კარდინალური ცვლილებების გატარებას არც ერთი კომპანიის შემთხვევაში არ გეგმავენ. როგორც ცნობილია, გარიგება მოიცავს Marshall-ის ყველა ბრენდს, მათ შორის Natal Drums-ს, Marshall Records-სა და Marshall Live Agency-ის. ამასთან, არ იცვლება კომპანიის ქარხნების ადგილმდებარეობა, ასე რომ პროდუქტების წარმოება კვლავაც გაერთიანებულ სამეფოსა და ვიეტნამში გაგრძელდება. ამასთან, კომპანიაში რჩებიან Marshall-ის ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ვიქტორია მარშალი და Marshall-ის პირველი გამაძლიერებლის შემქმნელი ტერი მარშალი - ორთავე მათგანი Marshall Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დაინიშნებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები