მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მუსიკოსს უნდა შეეძლოს, რეგიონებში ტურნე ჩაატაროს, რისი ინფრასტრუქტურაც არ არის” - Bravo Records

დარბაზი

Bravo Record-ის ხელმძღვანელის, ზაზა შენგელიას თქმით, კულტურის სფეროში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოს რეგიონებში კონცერტების ჩასატარებლად აუცილებელი ინფრასტრუქტურის გაუმართაობაა - ამის შესახებ მან გადაცემა BMGDrive-ში სტუმრობისას ისაუბრა.

“ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იმას ვხედავ, რომ ქვეყანაში არ არის კარგი საგასტროლო ინფრასტრუქტურა. მაგალითად, როდესაც “ბრავო რექორდსი” აკეთებს პროექტს, როგორიც იყო, მაგალითად, სოფო ბათილაშვილის სადებიუტო კონცერტი - რომელსაც სპორტის სასახლეში 10 000-მდე მაყურებელი დაესწრო - ჩვენ მზად ვიყავით, კონცერტი, თავისი გაფორმებებითა და მზა პროგრამით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში წაგვეღო.

დღეს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რეგიონები დაცლილია და ხალხი ქალაქში გადადის საცხოვრებლად ისაა, რომ იქ ცხოვრება ძალიან მოსაწყენია, არაფერი ხდება. რეგიონებმა მიზიდულობის ცენტრი დაკარგეს. მუსიკოსს უნდა შეეძლოს, რეგიონებში ტურნე ჩაატაროს, მაგრამ დარბაზები არ არის: ზამთარში ვერ თბება, არ არის სათანადო აპარატურა განათებისა და ხმისთვის, რაც მუსიკოსებს საშუალებას მისცემთ, 10-15 კონცერტიანი ტურნე ჩაატარონ”, - აღნიშნავს ზაზა შენგელია.

მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა მხოლოდ თბილისსა და ბათუმშია გადაჭრილი, კონცერტებზე მოთხოვნა კი სხვა რეგიონებშიც მაღალია.

“ყველაზე დიდ პრობლემას იმაში ვხედავ, რომ რეგიონებში კონცერტებზე მოთხოვნა არის, მაგრამ ვერ ტარდება. კარგი იქნებოდა, ამაზე სახელმწიფოს ეზრუნა, რადგან ვფიქრობ, მაინც მათი პრეროგატივაა, ბიზნესი ყველა ქალაქს ვერ მიხედავს.

პირადად მე, როგორც “ბრავო რექორდსის” ხელმძღვანელი, ვამბობ, რომ მინიმუმ 10-15 დღეს ჩვენ დავჯავშნიდით, სხვა კომპანიებიც დაინტერესდებოდნენ და სახელმწიფო აქედან შემოსავალს მიიღებდა”, - განმარტავს ზაზა შენგელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები