მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუზეუმების პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა - „თბილისის მუზეუმების გაერთიანება“

მუზეუმები

„თბილისის მუზეუმების გაერთიანება“ გახლავთ პირველი საქართველოში, რომელმაც სამუზეუმო აპლიკაცია დანერგა. დეტალურად აპლიკაციის შესახებ “ქალების ნარატივში” „თბილისის მუზეუმების გაერთიანების“ გენერალურმა დირექტორმა, ნინი სანადირაძემ ისაუბრა.

„რადგან პროგრესსა და განმანათლებლობაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში თბილისის მუზეუმების გაერთიანება მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს 21-ე საუკუნის სწრაფ ტემპს და ციფრულ სივრცეში შეძლოს სამუზეუმო კულტურის აქსელერაცია.

სწორედ ამიტომაც, თბილისის მუზეუმების გაერთიანება გახლავთ პირველი საქართველოში, რომელმაც დანერგა სამუზეუმო აპლიკაცია, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს ცხრა მუზეუმს, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მუზეუმებში მიმდინარე სიახლეებსა და ინფორმაციას იმ შემეცნებითი ღონისძიებების და პროგრამების შესახებ, რაც ამ მუზეუმებში ხორციელდება. დღესდღეობით თბილისის მუზეუმების გაერთიანება 28 სხვადასხვა შინაარსის საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს სკოლის მოსწავლეებისა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთათვის, “ - განაცხადა ნინი სანადირაძემ.

ეს არის ქართული სამუზეუმო სივრცის პირველი ორენოვანი მობილური აპლიკაცია, რომელიც ამავდროულად, გვთავაზობს დღის შთამაგონებელ ფრაზებს, მუზეუმების ისტორიებს, თამაშებსა და კალენდარული თარიღის მიხედვით გვახსენებს ღია კარის დღეების შესახებ.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მუზეუმი იყოს კიდევ ერთი პასუხისმგებელი მოთამაშე თანამედროვე საზოგადოებაში არსებული პრობლემებისა. მაგალითად, ჩვენი 8 საგანმანათლებლო პროგრამა სწორედ ეკოლოგიასა და კლიმატის ცვლილებებს ეყრდნობა; გვაქვს მნიშვნელოვანი ამბავი, როგორიცაა მზის ენერგია და ბუნებრივი ენერგიების დანერგვა მუზეუმებში და ბიომდგრადი საღებავების გამოყენების გამოცდილება,“- აღნიშნა ნინი სანადირაძემ.

2023 წლის ბოლოდან bp-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მეტი ინოვაცია და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“- ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ - მემორიალურ მუზეუმში მზის პანელების სისტემა მოეწყო. ეს არის პირველი შემთხვევა ამიერკავკასიაში, როცა მუზეუმი ბუნებრივი ენერგიის წყაროზე გადავიდა, შეამცირა გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა და მზის ენერგიას მოიხმარს.სიახლე დაზოგავს მინიმუმ 30 000 კილოვატ ტრადიციულ ელექტროენერგიას, რაც საშუალებას მისცემს მუზეუმს დაზოგოს ელექტროენერგიის გადასახადი, და 20 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს დაახლოებით 150 ტონა CO2 ემისიის დაკავებას და გადაარჩენს 8000-მდე ხეს.შეგახსენებთ, „თბილისის მუზეუმების გაერთიანება“ 2016 წელს შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები