ქართულ ბაზარზე ბუნებაში დასარჩენი განსხვავებული ადგილების დასაჯავშნი მობილური აპლიკაცია TripCamp-ი გამოჩნდა. როგორ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას TripCamp-ის დამფუძნებელმა, ხატია სვანაძემ აღნიშნა, აპლიკაციაზე მუშაობა უკვე ორი წელია მიმდინარეობს.
„ეს არის ნიშური პროდუქტი, მხოლოდ გლემფინგებზე და კოტეჯებზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ერთი მხრივ დამსვენებლებს, რომელთაც სურთ განსხვავებული დასვენება და ბუნებასთან დაკავშირებული გამოცდილების მიღება და მეორე მხრივ მასპინძლებს, რომლებიც ასეთ განსაკუთრებულ განთავსების ობიექტებს ფლობენ“, - განმარტა TripCamp-ის დამფუძნებელმა.
მისივე ინფორმაციით, TripCamp-ს უკვე დაემატა 213 ჰოსტი და აპლიკაციას 30000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
„ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენს აპლიკაციაში უფრო მეტი ადგილის დამატება მოხდეს. მეორე მხრივ, აპლიკაციის გასაუმჯობესებლად და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტის შესაქმნელად ვეკონტაქტებით მომხმარებლებსაც და ვისმენთ მათ უკუკავშირს“, - აღნიშნავს ხატია სვანაძე.
Tripcamp-ს წინ დიდი გეგმებიც აქვს. სტარტაპის დამფუძნებლის თქმით, აპლიკაციას მხოლოდ ჯავშნის ფუნქციონალი არ ექნება, მომავალში აუცილებლად შესთავაზებენ მომხმარებელს კონკრეტულ დასარჩენ ადგილთან მიბმულ ლოკალურ გამოცდილებას (local experience), სადაც ბუნებაში დასვენების მოყვარულებს ექნებათ შესაძლებლობა იპოვონ კითხვებზე პასუხი, სად დააგემოვნონ ლოკალური კერძი, ნახონ ახლომდებარე პატარა ჩანჩქერი თუ ლამაზი ადგილი, რომელიც მხოლოდ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის არის ცნობილი და შეიძლება გუგლშიც კი არ იძებნება. ასევე აპლიკაციაში ნახავენ ინფორმაციას რა აქტივობებია ირგვლივ.
ხატია სვანაძემ „ქალების ნარატივში“ ისიც დააანონსა, რომ მომავალ წელს მიუხედავად არსებული ომისა, TripCamp-ი უკრაინის ბაზარზეც შევა.