მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არაბული ქვეყნებიდან დიდი აქტიურობაა“ - როგორ მიდის ზაფხულის ტურისტული სეზონი მესტიაში?

648f17f7cdfb3
ლიკა მეგუთნიშვილი
18.06.23 19:37
1070
რვა ივნისს მესტიაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. BMG დაინტერესდა, თუ როგორ ხვდება სეზონის დაწყებას მესტიის სტუმარ-მასპინძლობის სექტორი და რა მოლოდინები აქვთ.

როგორც მესტიაში მდებარე სასტუმროების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში განმარტავენ, წინა წლებთან შედარებით ქალაქში ვიზიტორების ნაკადი გაზრდილია და სასტუმროების დატვირთულობის საშუალო მაჩვენებელი 60%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ დამსვენებლებს შორის საერთაშორისო ვიზიტორები ჭარბობენ.

„მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონიდან გვყავდა ჯგუფები, რომლებიც საერთაშორისო ტურისტულმა კომპანიებმა შემოიყვანეს. ყველაზე მეტი ჯგუფი ავსტრალიიდან გვყავდა, ასევე დასავლეთ ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. აუცილებლად უნდა აღვნიშნო დუბაი, ეს ახალი ბაზარია, საიდანაც ჩვენი გამოცდილებით საკმაოდ პასუხისმგებლობიანი დამსვენებლები ჩამოდიან და იმედი მაქვს, მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, - აღნიშნავს სასტუმრო „ფალიანი“-ს დამფუძნებელი, ეკა გველესიანი.

არაბული ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადის სიმრავლეზე საუბრობს ასევე სასტუმრო „ბუდე“-ს დამფუძნებელი, თათია თეთრაშვილიც.

„ამ პერიოდში, როგორც წესი, ჩვენთან არაბული ქვეყნებიდან არის აქტიურობა. თუ გაზაფხულზე უფრო მეტი ტურისტი ტაილანდიდან გვყავდა, ზაფხულში დამსვენებლების დიდ წილს უკვე საუდის არაბეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოსული ტურისტები შეადგენენ. ჩვენი დაკვირვებით, ივლისი-აგვისტო საკმაოდ დატვირთული იქნება“, - ამბობს თათია თეთრაშვილი.

მესტიის სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ ქალაქში წელს ტურისტების შემოსვლა დაგეგმილზე უფრო ადრე დაიწყო. მათივე თქმით, თუ ეს დადებითი დინამიკა შენარჩუნდა, სეზონი საკმაოდ წარმატებული იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხშირად წვიმდა, რაც ტურისტების შემოდინებას აფერხებს, მინდა ვთქვა, რომ მაისში ნამდვილად ბევრი დამსვენებელი გვყავდა. მაისის დასაწყისში ჭარბად იყვნენ რუსები, შემდეგ უკვე ევროპის ქვეყნებიდანაც დაიწყო ხალხმა ჩამოსვლა“, - აცხადებს სასტუმრო „ლამიჟი“-ს დამფუძნებელი, თამარ ნიგურიანი.

"აპრილიდან ჩემი სასტუმრო ძალიან კარგად მუშაობს. აპრილში ნამდვილად არანაირ ჯავშანს არ ველოდი, თუმცა ფანტასტიკური თვე იყო. მაისშიც საკმაოდ მაღალი იყო დატვირთულობის მაჩვენებელი. როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფების ჯავშნები მთელი ზაფხულის განმავლობაში გვაქვს“, - განაცხადა სასტუმრო „ჩათინი“-ს დამფუძნებელმა, თათია ჯაფარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები