მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MVNO რეგულაცია, შესაძლოა, გაუქმდეს და აღარ ამოქმედდეს - კახა ბექაური

6318b2e4941d4
შოთა ტყეშელაშვილი
07.09.22 19:15
1354
საქართველოს კომუნიკაციების კომისია 2022 წლის ბოლოს ქვეყანაში ვირტუალური მობილური ოპერატორების სავალდებულო წესით დაშვების პრინციპების შემოღებას გეგმავდა. ამ წესის მიღების შემთხვევაში, მობილური ოპერატორები ვალდებულები იქნებოდნენ, ამ კომპანიებისთვის მიეცათ სრული დაშვება მათ ქსელებზე იმ წესების მიხედვით, რაც კომისიის მიერ იქნებოდა განსაზღვრული.

კომისიის გადაწყვეტილებით, ეს წესი არ ამოქმედდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი დაიწყებდა ფუნქციონირებას. 2021 წლის ბოლოს გაფორმდა MVNO დაშვების ხელშეკრულება "სილქნეტსა" და "ეკლეკტიკს" შორის, თუმცა ამ ოპერატორს ჯერ საქმიანობა არ დაუწყია.

კახა ბექაურის განმარტებით, ამჟამად კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ MVNO ოპერატორობის თაობაზე საკითხებს კონკურენციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებიც დაარეგულირებს და ამ მხრივ, მათი დამატებითი რეგულაცია საჭირო აღარ იქნება.

“რაც შეეხება ვირტუალურ ოპერატორებზე რეგულაცია ამოქმედდება თუ არა, კარგი კითხვაა, ჯერ ამაზე გადაწყვეტილ პასუხს ვერ მოგცემთ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს და არ ამოქმედდეს. ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, რომ ვაკვირდებოდით მოვლენებს და რატომ იყო ეს ვადა განსაზღვრული, რომ ვირტუალური ოპერატორების დაშვების მსურველებს, ვისაც სურვილი აქვს ქსელის ოპერატორებზე, ეს არსებობდა მაშინ და მიმართვები არსებობს ქსელის ოპერატორებზე. ჩვენ ვაკვირდებით მათ შორის ურთიერთობის პროცესს, კომერციულ საწყისებზე და სამართლიან პრინციპებზე წავა ეს მოლაპარაკებები, ჯერჯერობით არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ისეთი რამ ხდება, რომ შესაძლოა ექს-ანტე რეგულირების საჭიროება მოითხოვოს. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ კონკურენციის კანონში გაჩნდა ქმედითი მექანიზმები - კერძოდ,  თუ პრობლემა იქნა ორ ოპერატორს შორის და ვერ მოილაპარაკეს ქსელის გაზიარებაზე და დაშვებაზე ანუ კომერციულად ვერ შეთანხმდნენ, შესაძლებელია, რომ გამოყენებული იყოს კონკურენციის შესახებ კანონი. ეს მერე იქნა მიღებული, რაც ექს ანტე რეგულაცია მივიღეთ. ჩვენ ვიხილავთ ამ შესაძლებლობას და კომისია წლის ბოლოს დაუბრუნდება ამ საკითხს და გადაწყვეტს, რომ აამოქმედოს თუ გააუქმოს ეს რეგულაცია,” - აცხადებს კახა ბექაური.

MVNO ანუ ვირტუალური მობილური ოპერატორი არის კომპანია, რომელიც ჩვეულებრივი მობილური კომპანიის მსგავს მომსახურებას სთავაზობს ბაზარს, თუმცა საკუთარი ინფრასტრუქტურა და ქსელი არ გააჩნია. იმისთვის, რომ MVNO ბაზარზე გამოჩნდეს, მსხვილმა მობილურმა ქსელებმა - “მაგთიკომმა”, “სილქნეტმა” და “ბილაინმა” საკუთარ ქსელზე უნდა დაუშვან და ინფრასტრუქტურა მიაქირაონ. მობილური კომპანიები ამბობენ, რომ ქსელზე დაშვება ნებაყოფლობითი უნდა იყოს, ამოდიოდეს კომერციული ინტერესებიდან და არ იყოს სავალდებულო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები