მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ ბოტანიკური და დადიანების სასახლე ვერ გვიშველის, სხვა მზაობაა საჭირო, ტურისტი რომ დარჩეს - სასტუმრო ზუგდიდში

64a6b6517366a
სალომე ხიდურელი
08.07.23 19:30
968
საოჯახო სასტუმრო „თბილი სახლი“-ის დამფუძნებელი მაკა კორკელია BM.GE-სთან მიმდინარე ზაფხულის სეზონზე სასტუმროს მომართვიანობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ, მიუხედავად ზუგდიდში უცხოელი ტურისტების სიმცირისა, სასტუმრო ადგილობრივ დამსვენებლებსა და ბიზნეს-სექტორს სრული დატვირთვით მასპინძლობს.

„უცხოელი ტურისტები ზუგდიდში, ფაქტობრივად, არ არიან. აღმოსავლეთ საქართველოსა და აჭარის რეგიონთან შედარებით, ძალიან ნაკლებად. აქ ძირითადად სვანეთში მიმავალი ტურისტები ჩერდებიან ხოლმე ერთი ღამით ან წასახემსებლად.

ჩვენ, ძირითადად, ორგანიზაციები, საჯარო სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი ოჯახები გვსტუმრობენ, თუმცა მათი პროცენტული წილიც ძალიან მცირეა. ამის მიუხედავად, სასტუმრო ნებისმიერ სეზონზე მაღალი დატვირთვით მუშაობს, მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში გვაქვს ნაკლები აქტივობა“, - ამბობს მაკა კორკელია.

„თბილი სახლი“ ერთ-ერთი პირველი ტურისტული ობიექტი იყო, რომელიც 8 წლის წინ ქალაქ ზუგდიდში გაიხსნა. მისი დამფუძნებლის თქმით, ამჟამად ქალაქში სასტუმროების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ეს ტურისტების მისაზიდად საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ცხადია, ძალიან ბევრი სასტუმრო გაიხსნა, როგორც საოჯახო ტიპის, ასევე დიდი, მათ შორის ერთი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროც. თუმცა ზუგდიდს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება სჭირდება. სანახაობრივად საინტერესო ადგილები უნდა დაემატოს, მხოლოდ რესტორანი, ბოტანიკური ბაღი და დადიანების სასახლე ვერ უშველის ამას. უფრო სხვანაირი მზაობაა საჭირო, რომ ტურისტი დარჩეს და ფული დახარჯოს. ჩვენ ასე თუ ისე ვერგებით სიტუაციას, მაგრამ ყველაფერს სასტუმროები ვერ გააკეთებენ.

კარგი იქნებოდა, სახელმწიფო მცირე ზომის ობიექტებისთვის დამატებით საგრანტო კონკურსებს გამოყოფდეს, რადგან გრანტების პირობები იმდენად მოქნილია, რომ ბევრი პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება. სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი ხელშეწყობა კარგი იქნებოდა“, - ამბობს მაკა კორკელია.

„თბილი სახლის“ დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სასტუმრო წელს გაფართოვდა, მოეწყო ახალი გარე სივრცე და მეგრული კულინარიული მასტერკლასებიც დაიწყეს: „ავთენტური მეგრული ჯარგვალი ავაშენეთ, სადაც სტუმარს საუზმის, ვახშმისა და სადილის მირთმევა და დასვენება შეეძლება“.

სასტუმროში ერთი ღამით განთავსების ღირებულება ერთ ადამიანზე 80, ორ ადამიანზე კი 120 ლარია, თუმცა მაკა კორკელია არ გამორიცხავს, რომ ინფლაციის გამო ეს ფასები დაკორექტირდეს.

„ინფლაციაა ქვეყანაში და ყველაფერი ძვირდება. თუ გვინდა, რომ დამსვენებლებს კარგი სერვისები შევთავაზოთ, მათი ძვირად გაყიდვა მოგვიწევს.

სასტუმროში სამუშაო კადრების მოძიებაც კი რთულია. ფაქტობრივად, შეუძლებელი. ახალგაზრდა ქალების ძალიან დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა“, - ამბობს მაკა კორკელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები