მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მყარი წიაღის გადამუშავების ახალ რეგულაციებში ბიზნესის შენიშვნების 98% გათვალისწინებულია – რა იცვლება სექტორში?

ლევან ვეფხვაძე

მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და დამუშავების სექტორში მტვრის გაფრქვევის კონტროლის ახალი სტანდარტები წესდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ბიზნეს ასოციაციასთან და დარგის წარმომადგენლებთან ერთად, რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილა.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ BMG-ს განუცხადა, სამინისტროსთან ბოლო კვირების განმავლობაში ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა, რათა დოკუმენტი ბიზნესისთვის რეალისტური ყოფილიყო.

მისი თქმით, საწყის სამუშაო ვერსიაში ბიზნესსექტორს არაერთი შენიშვნა ჰქონდა, თუმცა დიალოგის შედეგად თითქმის ყველა მათგანი დაკმაყოფილდა.

როგორც ვეფხვაძე განმარტავს, ახალი რეგულაციის ერთ-ერთი მთავარი სიახლე მტვრის გაფრქვევის ნორმების დიფერენცირებაა დასახლებული პუნქტებიდან დაშორების მიხედვით. წესდება ე.წ. 500-მეტრიანი ზღვარი, რაც ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

„მთავარი მიზანია, რომ მტვერი არ წარმოიქმნას და შემოდის გარკვეული სტანდარტები. ის საწარმო, რომელიც დასახლებულ პუნქტთან 500 მეტრზე ახლოსაა, იქ მტვრის მაქსიმალური დასაშვები ნორმა იქნება 1.5-დან 1.7 მილიგრამამდე კუბურ მეტრში. ხოლო მათთვის, ვინც 500 მეტრზე უფრო შორსაა, ნორმა იქნება 2.5 მილიგრამი და ნაკლები“, - განმარტავს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, რეგულაცია ასევე აზუსტებს ტექნიკურ საკითხებს, მაგალითად: სად უნდა აიღონ მტვრის სინჯები და რა შემთხვევებშია სავალდებულო მასალების მორწყვა. ამასთან, თუკი მასალა თავისი ბუნებით მტვერს არ წარმოქმნის, იქ ბარიერები არ დაწესდება.

ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ახალი წესები პასუხობს საჯარო ინტერესს, დაიცვას მოსახლეობა მტვრისგან, თუმცა, ისე, რომ საწარმოო პროცესები არ შეჩერდეს.

„საბოლოო ჯამში, ეს მიმართულია იქითკენ, რომ ბიზნესის ოპერაციები იყოს მაქსიმალურად რეალისტური - ისეთი მოთხოვნა არ გვქონდეს, რომ ბიზნესი გავაჩეროთ. მეორე მხრივ, საბოლოო მიზანი, რაც ყველას ერთად გვაქვს, არის ის, რომ არ წარმოიქმნას მტვრის გაფრქვევები, რომელიც ნეგატიურ გავლენას მოახდენს გარშემომყოფ მოსახლეობაზე“ - ამბობს ლევან ვეფხვაძე BMG-სთან.

მისივე ცნობით, რეგულაციების ამოქმედებისთვის სამინისტრომ ბიზნესის კიდევ ერთი თხოვნა გაითვალისწინა და მათ ადაპტაციისთვის გარკვეული ვადა მისცა - არსებული საწარმოებისთვის ახალი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად და ტექნიკური გადაიარაღებისთვის ბიზნესს ერთწლიანი ვადა ექნება. ახალი საწარმოებისთვის კი, ნებისმიერი ახალი საწარმო, რომელიც მუშაობის დაწყებაზე განაცხადს შეიტანს, ვალდებული იქნება, დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს ახალი სტანდარტები.

მთავრობა მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების რეგულირებას გეგმავს. საუბარია ღორღისა და ქვიშა-ხრეშის წარმოებისა და ინერტული ნედლეულის გადამუშავების რეგულირებაზე. მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების რეგულირება მოიცავს ახალ წესებს, რომელიც ამ საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებს დაევალებათ. საუბარია ნედლეულის/პროდუქტის ტრანსპორტირების, მსხვრევის, დახარისხების, ჩატვირთვა-გადმოტვირთვისა და დასაწყობების პროცესებში კონკრეტული შემარბილებელი ღონისძიებების დაწესებაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ძირითად შემარბილებელ ღონისძიებად სამსხვრევი ნედლეულისა და პროდუქტების რეგულარული დატენიანება განიხილება, ასევე მსხვრევის, დახარისხების, შერევისა და გადატვირთვის ოპერაციების შემოზღუდვა ან დახურვა. გარდა ამისა, მიზანშეწონილად მიიჩნევა ახალი ობიექტების საცხოვრებელი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან მოშორებით განთავსება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები