უდიდესმა ქართულმა კრიპტობირჟამ, MyCoins-მა სრულად ქართული მობილური აპლიკაცია შექმნა, რომელიც მომხმარებელს კრიპტოვალუტებით ვაჭრობას საგრძნობლად უმარტივებს.
„ჩვენი მიზანი, თავიდანვე, ისეთი გარემოს შექმნა იყო, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს კრიპტოვალუტებში ინვესტირების ძალიან მარტივ და სწრაფ გზას შესთავაზებდა და ციფრულ სამყაროში შებიჯებაში დაეხმარებოდა - ამისთვის, MyCoins-ზე ბიტკოინისა (BTC) და სხვა კრიპტოვალუტების შეძენა ერთი ლარიდანაა შესაძლებელი. აი, სწორედ ამიტომ ჩავუშვით MyCoins-ის მობილური აპლიკაცია, რომელიც ჩვენი მომხმარებლის უკუკავშირის გათვალისწინებით შეიქმნა - ამასთანავე, ის პირველი სრულად ქართული მობილური კრიპტოაპლიკაციაა.
MyCoins-ის მობილური აპლიკაცია მომხმარებელს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა. ამ ეტაპზე, აპლიკაცია Android-ის სისტემაზე გავუშვით და სულ მალე, მას iOS-ზეც წარვადგენთ, რათა აპლიკაციით სარგებლობა ჩვენმა ყველა მომხმარებელმა შეძლოს“, - აღნიშნა MyCoins-ისა და eMoney-ის კომერციულმა დირექტორმა, ლუკა ლომსაძემ BM.GE-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ MyCoins-ი უდიდესი ქართული კრიპტობირჟაა, რომელიც 2017 წელს დაფუძნდა და მას მერე, მომხმარებლებს არაერთი ინოვაციური პროდუქტი შესთავაზა. ასეთ პროდუქტებს შორისაა Crypto Checkout-ის ფუნქციონალი, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევთ, პროდუქტები და მომსახურება კრიპტოვალუტაში გაყიდონ.