კომპანია Mycorner.ge-მ უძრავი ქონების მიმართულებით ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა, აკადემია დააარსა, რომელიც იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, ვისაც სურს პროფესიონალურად დაეუფლოს უძრავი ქონების გაყიდვების სფეროს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, თამუნა წოწორიამ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი თქმით, აკადემია დაკომპლექტებულია იურიდიული, საბანკო და უძრავი ქონების სფეროს წამყვანი ექსპერტებით, რომლებიც ერთობლივად ქმნიან პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებულ საავტორო კურსს.
„აკადემია ჩემთვის მნიშვნელოვანია არა როგორც ბიზნესი, არამედ ცნობიერების ამაღლების ინსტრუმენტი. კურსში ჩართული არიან სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, იურიდიული და საბანკო მიმართულებით, ასევე პირველადი და მეორადი ბაზრის სპეციალისტები“, - აღნიშნა წოწორიამ.
აკადემიის დამფუძნებლის ინფორმაციით, კურსი 16 ოქტომბერს დაიწყება და მცირე ჯგუფებზეა გათვლილი - თითო ნაკადში მონაწილეობას მიიღებს არაუმეტეს 10–12 ადამიანი. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ პრაქტიკისა და დასაქმების შესაძლებლობა.
რაც შეეხება ღირებულებას, აკადემიაში სწავლის ფასი 790 ლარია და საგანმანათლებლო პლატფორმა მონაწილეებს საშუალებას აძლევს, რომ სწავლის გადასახადი გადანაწილების საშუალებითაც გადაიხადოს.
"პროგრამა მოიცავს რვა ლექციას და გრძელდება ერთი თვე. კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან უძრავი ქონების ბაზრის ყველა მიმართულებას. ეს იქნება, პირველადი და მეორადი ბაზრის სპეციფიკას, იურიდიულ და ფინანსურ დეტალებს, მარკეტინგულ მიდგომებსა და ქონების შეფასების პრინციპებს. სწავლების ნაწილი მოიცავს პირდაპირ "ვორქშოპებს" უძრავ ქონებაში, სადაც სტუდენტები პრაქტიკულად სწავლობენ ობიექტის შეფასებასა და ეფექტურ პრეზენტაციას.
ჩვენ ვასწავლით არა მხოლოდ თეორიას, არამედ იმასაც, როგორ გადაიღონ სწორი ფოტო და ვიდეო, როგორ გააკეთონ მარკეტინგი ისე, რომ ობიექტმა მიიპყროს მომხმარებლის ყურადღება“, - ამბობს თამუნა წოწორია.




























