პარაგლაიდინგის ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს, კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს. ამის შესახებ ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული.
„მოგესალმებით თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ! ამ ხნის მანძილზე ჩატარებული თავდაუზოგავი სამუშაოების შემდეგ, საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია მზად არის დაიწყოს ყველა ის პროცედურა, რაც დაევალა მთავრობის 175-ე დადგენილებით.
მთავრობის 175-ე დადგენილება მოიცავს ინფორმაციას პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ.
ძირითადი სამუშაოები წარიმართა შემდეგი მიმართულებებით:
ოპერატორისა და საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენა, მფრინავის ლიცენზირებისთვის საჭირო გამოცდები და სხვა ქვეყნების ორგანიზაციების მიერ გაცემული ლიცენზიების აღიარება, პარაპლანისა და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დადგენა.
თითოეული სამუშაო მიმართულებისთვის შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც ზემოთ აღნიშნული დადგენილების შესაბამისად წარმართავს პროცესებს.
10/06/2023-დან აქტიურად დაიწყო განაცხადების მიღება ყველა მიმართულებით.
ოპერატორისა და საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დასადგენად, ასევე მფრინავთა ლიცენზირებისთვის გამოცდებზე/აღიარებაზე განცხადებების შევსება შესაძლებელია ერთ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 172გ. მეოთხე სართული.
პარაპლანის და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დასადგენად განცხადებების შევსება, ასევე შესაბამისი სერვისის მიღება შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართზე: თბილისი, გიორგი ჭყონდიდელის 85. მე-12-ე საჯარო სკოლა, სართული 4“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
რეგისტრაციის ფასები დადგენილებით არის განსაზღვრული.
BM.GE დაუკავშირდა ფედერაციის ხელმძღვანელს, ირაკლი კაპანაძეს, რომელიც ამბობს, რომ ამ ეტაპზე ფრენები სავარაუდოდ გუდაურის ტერიტორიაზე დაიწყება, თუმცა ფედერაციას მოთხოვნილი აქვს ნებართვა კიდევ 13 ლოკაციაზე და ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხს ელოდება.
„მთლიანობაში 14 ადგილზე გვაქვს განაცხადი გაკეთებული და ველოდებით დაგვრთავენ თუ არა ნებას. ჯერჯერობით მხოლოდ გუდაურია გამოყოფილი. იქ კიდევ არის რაღაცეები გასაკეთებელი. ანუ, სამუშაოებს ოპერატორები უნდა გამოიკვეთონ, რაც რთული საკითხია, ვინაიდან მეტნაკლებად კონკრეტულ მიწებზე არიან მიბმული. როცა მიწებზე შეთანხმება მოხდება, ამასობაში დავაწევთ კვალიფიციურ კადრებს, რომელთა უმრავლესობისთვის საფრენი აღჭურვილობა უკვე შემოწმებული გვაქვს“, - განაცხადა კაპანაძემ.
კითხვაზე, რას ითვალისწინებს ოპერატორების საკითხი, ფედერაციის წარმომადგენელი პასუხობს, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი სახელმწიფო რა ფორმით გადასცემს მიწებს ოპერატორებს: ტენდერს გამოაცხადებს, სიმბოლურ ფასად და ა.შ.
„მიწის საკითხი ჩვენ არ გვეხება. აქ არის რამდენიმე უწყების გავლენის საკითხი. გუდაურში, მიწის ნაწილი ეკუთვნის დაცულ ტერიტორიებს, ნაწილი მუნიციპალური საკუთრებაა, ნაწილი კერძო საკუთრებაა. ამ საკითხზე მიწერილი გვაქვს ეკონომიკის სამინისტროსთვის, რომ ვითხოვთ შეხვედრას, რომ ავუხსნათ საკითხი და გადაწყდეს, რა ფორმით მოგვარდება პრობლემა. ვნახოთ, იმედი მაქვს, რომ შეგვხვდებიან და რაღაცას გვეტყვიან“, - განაცხადა კაპანაძემ.
კითხვაზე, როდიდან დაიწყება პარაპლანით ფრენები, ის გვპასუხობს, რომ როგორც კი ნებართვების საკითხები საბოლოოდ დასრულდება, მათ შორის სახელმწიფოს და ოპერატორების, პილოტების მხრიდან.