მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მზად ვართ, კვიპროსი ყველა შესაძლო გზით დავიცვათ" - საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი

ნიკოს დენდიასი

საბერძნეთი კვიპროსის მხარდასაჭერად ოთხ სამხედრო საზღვაო ხომალდს გზავნის. გადაწყვეტილება ათენმა კვიპროსზე მდებარე ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე ირანის მიერ განხორციელებული დრონით თავდასხმის შემდეგ მიიღო. საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მზად არის, დაიცვას მეზობელი სახელმწიფო „ყველა შესაძლო გზით“.

ბრიტანულ ბაზა „აკროტირიზე“ განხორციელებულ იერიშზე პასუხისმგებლობა ირანულმა მხარემ აიღო. კვიპროსის მთავრობის სპიკერის, კონსტანტინოს ლეტიმბიოტისის განმარტებით, საჰაერო თავდაცვამ ბაზის მიმართულებით გაშვებული ორი უპილოტო საფრენი აპარატის გადაჭერა შეძლო. მიუხედავად ამისა, Shahed-ის ტიპის ერთ-ერთმა დრონმა ინფრასტრუქტურის მცირე დაზიანება მაინც გამოიწვია. მომხდარის გამო კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდესმა ქვეყნის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ ოპერაციულ მზადყოფნაში მოიყვანა და კუნძულზე დაგეგმილი ევროკავშირის მინისტრების შეხვედრა გადადო.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის უპრეცედენტო ესკალაცია აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმებით დაიწყო, რასაც ირანის უზენაესი ლიდერი ემსხვერპლა. „აკროტირის“ ბაზაზე განხორციელებული დარტყმა 1986 წლის შემდეგ ბრიტანულ სამხედრო ობიექტზე თავდასხმის პირველი შემთხვევაა, რაც რეგიონული დაპირისპირების გეოგრაფიის გაფართოებაზე მიუთითებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უკვე დაადასტურა, რომ ლონდონმა ვაშინგტონის თხოვნა დააკმაყოფილა და აშშ-ს ირანული რაკეტების წინააღმდეგ თავდაცვითი იერიშებისთვის ბრიტანული ბაზების გამოყენების უფლება მისცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები