მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში არსებული 6 რეგლამენტიდან 4 ძალაში შევიდა. ესენია მეორადი ზეთების, აკუმულატორების, ელექტრონული მოწყობილობებისა და ნარჩენი საბურავების შესახებ რეგლამენტები. დოკუმენტების მიხედვით მწარმოებლების წარმოქმნილი ნარჩენის შეგროვება და შემდგომ გადამუშავება დაევალათ.
თუმცა როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, პროცესი გამოწვევების ფონზე მიმდინარეობს. მეორადი საბურავების ამოღება ხდება, თუმცა არასაკმარისი სიმძლავრეების გამო მათი გადამუშავება ქვეყანაში ვერ ხერხდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აცხადებს, რომ გადამამუშავებელი ქარხნის მოწყობის საკითხში თავად მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში შექმნილი ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ, ხოლო სახელმწიფო მათ ხელს შეუწყობს, მათ შორის არ არის გამორიცხული პროცესებში “აწარმოე საქართველოში” მექანიზმების გამოყენებაც.
“მგვ ორგანიზაციებთან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. საბურავების ამოღება ხდება, 5 000 ტონამდე საბურავი ამოვიღეთ, ეს პატარა საქმე არ არის, 1 წელი არ არის გასული ჯერ გასული. მხოლოდ ამოღება ერთი ეტაპია, რაც შეეხება გადამუშავებას არ გვაქვს გადამამუშავებელი საწარმოები ამ მიმართულებით. არის მაგრამ ძალიან მცირე ზომის. შემდგომში ერთიანი ძალით, სახელმწიფო მზად არის, თუნდაც აწარმოე საქართველოს ფარგლებში ხელი შევუწყოთ.
ალბათ, ერთი გადამამუშავებელი კარგი იქნება რომ შემქნან მგვ ორგანიზაციებმა და სახელმწიფო ამ ნაწილში არ ჩაერიოს. გარკვეული კოორდინაცია ჩვენ შეგვიძლია და იციან, რომ მზად ვართ. ეს შეიძლება იყოს საერთაშორისო ფინანსური ინსტუტუტების მხარდაჭერა ან აწარმოე საქართველოს მხარდაჭერა. რაც გვაქვს , ეს უნდა გადამუშავდეს. უკეთესია ადგილზე გადამუშავდეს ვიდრე ექსპორტზე გავიდეს,”-ამბობს სოლომონ პავლიაშვილი.