მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მზად ვართ, თითოეული ლარი სწორად მივმართოთ ქსელური კომპონენტების გასაუმჯობესებლად - "ენერგოპრო"

ენერგო-პრო

"ენერგო პრო ჯორჯიას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ მამისეიშვილი ამბობს, რომ ინვესტიციების ხარჯზე ქსელის გაუმჯობესებაზე იმუშავებენ.

"მარეგულირებელმა კომისიამ ზედმიწევნით იცის ჩვენი ქსელური პრობლემები და სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობა. ტარიფის მატება არის გაზრდილი ინვესტიციებისა და კომპანიის მხრიდან დიდი პასუხისმგებლობის საწინდარი.

რა თქმა უნდა, გაზრდილი ინვესტიციების ფონზე, ეს სიკეთე თითოეულ მომხმარებლამდე ხვალვე ვერ მივა ეს იქნება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი. თუმცა მზად ვართ, თითოეული ლარი სწორად მივმართოთ ქსელური კომპონენტების გასაუმჯობესებლად, რაც საბოლოო ჯამში, არსებულ მძიმე მდგომარეობას გამოასწორებს. გვქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია და მრავალი შეხვედრა, სადაც განვიხილავდით საინვესტიციო გარემოსა და ტარიფის გაანგარიშების სხვადასხვა პაკეტს. დღეს გაჟღერდა მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენ რა თქმა უნდა, აქტიურად დავიწყებთ მუშაობას მის განსახორციელებლად", - განაცხადა "ენერგო-პრო ჯორჯიას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

სემეკის ინფორმაციით, სს „ენერგო პრო ჯორჯია“ 2026-2030 წლების განმავლობაში, წელიწადში, საშუალოდ 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს - ჯამურად, 1 მლრდ ლარამდე. ამასთან, კომპანია, მესამე მხარის დაფინანსებით, დამატებით უზრუნველყოფს 3 წლის განმავლობაში ჯამურად 129 მლნ ლარის ინვესტირებას განაწილების ქსელში, რომელიც სამომხმარებლო ტარიფში არ აისახება. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი გეგმით, კომპანიას წელიწადში დაახლოებით 300 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხროციელებინა, თუმცა როგორც სემეკის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა, ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფი 5 თეთრის ნაცვლად 6 თეთრით გაძვირდებოდა. ამიტომ, საინვესტიციო გეგმა დაახლოებით 100 მლნ ლარით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები