საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე პრემიერის მიერ დღეს წარდგენილი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ 2012 წლიდან "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა იუსტიციის სფეროში და ეს საქმე გაგრძელდება. მან ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დიდი მადლობა ბატონ ირაკლის განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, მისი ხელმძღვანელობით ვიყო მთავრობის შემადგენლობაში. ასევე, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის. ასევე მსურს შემთხვევით ვისარგებლო და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ რატი ბრეგაძეს გაწეული დაუღალავი შრომისთვის და ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმისთვის.
ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ვემსახურო ჩვენს საზოგადოებას და სახელმწიფოს. მოგეხსენებათ, 2012 წლიდან დღემდე, ჩვენმა ხელისუფლებამ ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა იუსტიციის სფეროში. შესაბამისად, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი გუნდის დაწყებულ საქმეს და მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებითა და დიდი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებას. მზად ვართ, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.