მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზეთამზე": ჯამში 100 000 ჰა გვჭირდება იმისათვის, რომ ქვეყანა პურით თვითკმარი იყოს

პური

პურის მწარმოებელი ქართული კომპანია "გემოვანი პური - მზეთამზეს" დამფუძნებელი, ირაკლი ჩავლეიშვილი სექტორში არსებულ გამოწვევებს შორის იმპორტირებულ ხორბალზე დამოკიდებულებას ასახელებს.

როგორც მან BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, დარგი შესაბამისად არ ვითარდება და კულტივაცია არ ხდება. საბოლოო ჯამში კი, პროდუქცია საჭიროებისამებრ არ იწარმოება.

„პურის ამბავი, ქვეყანაში, რომელიც პურის და ღვინის ქვეყნად მიიჩნეოდა, დღეს ისეა, რომ მტერს არ ვუსურვებ. საქართველო მთლიანად იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული, ამასთან, დაბალი ფასის და დაბალი ხარისხის პურზე, რომელსაც „სოციალურ პურს“, იგივე უვნებელ პურს ეძახიან.

ვიღაცები აპროტესტებენ „რუსულ კანონს“, როდესაც რუსულ ხორბალს მიირთმევენ. ჩემი აზრით, პირველი სწორედ რუსულ ხორბალზე უნდა ვთქვათ უარი, არა იმიტომ, რომ რუსეთისაა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ხორბალი გვქონდეს მიმოქცევაში,“- აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

მისივე ცნობით, პურს ცხობამდე მინიმუმ ფერმენტაციის პროცესი უნდა ჰქონდეს გავლილი, რადგან არ შეიძლება პური 2-3 საათში ცხვებოდეს. პურის ცხობას თავისი დრო გააჩნია, რაც სწორედ იმ მიკროელემენტებს ანიჭებს, რომელიც პურისთვის აუცილებელია.

„ამ პირობებში, დარგი არ ვითარდება ნიშნავს იმას, რომ კულტივაცია სათანადოდ არ კეთდება. ეს იქნება ხორბლის დათესვის სიღრმე, პერიოდულობა, პრეპარატები, სათესლე მასალა, რომელსაც ფერმერები იყენებენ და ა.შ. არ შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე თესლს იყენებდე. ამიტომაც პრობლემა გვაქვს. არადა, ჯამში 100 000 ჰა გვჭირდება იმისათვის, რომ პურით ვიყოთ თვითკმარი, რაც 1000 ჰა-იან 100 მეურნეობას გულისხმობს.

ქვეყანაში ასეთი მეურნეობები მრავლადაა, ბევრიც გაჩერებულია. ჩვენს ქვეყანას უსაფრთხო კი არა, მარგებელი პური სჭირდება. ცოტა ხანში, ჩვენ დაავადებული უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანი, რაც კვებასთან არის დაკავშირებული. არ შეიძლება ეკონომიკას გავუცვალოთ მომავალი იმიტომ, რომ დღეს ეს მომგებიანია. პირადი დაკვირვებით, წლების განმავლობაში, ადამიანები, რომლებიც ჭამდნენ ჯანმრთელ პურს, ძალიან მოკლე დროში, როდესაც სოციალურ პურზე გადავიდნენ, დაუზიანდათ ჯანმრთელობა,“- განაცხადა ჩავლეიშვილმა.

რაც შეეხება პურის ღირებულებას, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ქვეყანაში პურის ფასის სათანადო აღქმა არ არსებობს, რადგან პურის შეძენა როგორც 50 თეთრად, ასევე 10 ლარადაც არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები