ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 13 მარტს გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა სხვადასხვა შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს, რომელთა ნაწილი მოსამართლე სალიხ შაინიძემ არ დააკმაყოფილა.
მომდევნო სხდომაზე ადმინისტრაციულ საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.
მზია ამაღლობელის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეზე აუცილებლად უნდა გამოიკითხონ აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები, გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე. მათ მიაჩნიათ, რომ მზია ამაღლობელს უსაფუძვლოდ ედავებიან, წარდგენილი ადმინისტრაციული ბრალდებით.
მოსამართლის განმარტებით, დღევანდელ პროცესზე მოწმეთა გამოკითხვა ვერ მოესწრო.