სენატში 2026 წლის 3 მაისს "პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან" დაკავშირებით ახალი რეზოლუცია დარეგისტრირდა, რომლითაც სენატი აღიარებს მთელ მსოფლიოში პრესისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ მზარდ საფრთხეებს, მათ შორის კონფლიქტურ ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების პირობებში მომუშავე ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს.
დოკუმენტში გასული წლების განმავლობაში გლობალურად პრესის თავისუფლების უკუსვლასა და იმ სტატისტიკურ მონაცემებზეა საუბარი, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით მოკლული, გატაცებული თუ დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობას ასახავს.
რეზოლუციაში მოხსენიებულია მზია ამაღლობელიც.
"სენატი ადასტურებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის სასიცოცხლო როლს დემოკრატიის დაცვის, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისა და საზოგადოების ინფორმირების საქმეში; ასევე, ადასტურებს, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კარგი მმართველობის მხარდაჭერის პროცესში პრესის თავისუფლება შეერთებული შტატების მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს.
"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" (CPJ) მონაცემებით, 2025 წლის ბოლოს, ზედიზედ მეხუთე წელია, რაც მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტია დაპატიმრებული, მათ შორის: ჟანგ ჟანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, იერის კურბელო აგილერა კუბაში, მზია ამაღლობელი საქართველოში, „რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) ჟურნალისტი ნიკა ნოვაკი რუსეთში, RFE/RL-ის ჟურნალისტი ფარიდ მეჰრალიზადა აზერბაიჯანში და RFE/RL-ის ყოფილი ჟურნალისტი, აშშ-ისა და ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე რეზა ვალიზადე ირანში", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
რეზოლუციით სენატი:
1. აცხადებს, რომ თავისუფალი პრესა:
-
წარმოადგენს თავისუფალი საზოგადოებებისა და დემოკრატიული მმართველობის ცენტრალურ კომპონენტს;
-
ხელს უწყობს ინფორმირებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და მთავრობის ანგარიშვალდებულებას;
-
ეხმარება კორუფციის გამოვლენაში;
-
აძლიერებს საჯარო ანგარიშვალდებულებასა და მთავრობების გამჭვირვალობას ყველა დონეზე;
-
ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.
2. გამოხატავს შეშფოთებას მსოფლიოს მასშტაბით გამოხატვის თავისუფლების, მათ შორის პრესის თავისუფლების განხორციელების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების გამო.
3. აღიარებს და მიესალმება ჟურნალისტიკის როლს სანდო, ზუსტი და დროული ინფორმაციის მიწოდებასა და მთავრობებისა თუ ლიდერების (მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე) მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში.
4. აღიარებს ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების შეუცვლელ როლს 2025 წელს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართული არჩევნების შესახებ ამომრჩევლებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებაში.
5. აღიარებს დამოუკიდებელი რეპორტაჟების მოსამზადებლად საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის კონფლიქტურ ზონებში წვდომის კრიტიკულ მნიშვნელობას.
6. პატივს მიაგებს ჟურნალისტებს, რომლებმაც სიმართლისა და სამართლიანობის ძიებაში უდიდესი მსხვერპლი გაიღეს, მათ შორის - საკუთარი სიცოცხლე.
7. გმობს მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ახშობს პრესის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის ჟურნალისტების უსაფრთხოებას.
8. მოითხოვს უკანონოდ დაკავებული ყველა ჟურნალისტის უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
8. ადასტურებს პრესის თავისუფლების ცენტრალურ როლს აშშ-ის მთავრობის ძალისხმევაში, მხარი დაუჭიროს დემოკრატიას, შეარბილოს კონფლიქტები და ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებსა და კარგ მმართველობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთელ მსოფლიოში.
10. მოუწოდებს პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს:
-
შეინარჩუნონ და განავითარონ შეერთებული შტატების ლიდერობა პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების საკითხებში, რაც ეფუძნება აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით ამერიკელი ხალხისთვის მინიჭებულ პრესის თავისუფლების გარანტიებს;
-
გამჭვირვალედ გამოიძიონ და მართლმსაჯულებას გადასცენ ამერიკელი ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებსა და მუქარებზე პასუხისმგებელი პირები;
-
მხარი დაუჭირონ სხვა ქვეყნის ჟურნალისტებზე თავდასხმების გამჭვირვალე გამოძიებასა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის ძალისხმევას;
-
ხელი შეუწყონ პრესის თავისუფლების პატივისცემასა და დაცვას მთელ მსოფლიოში.
რეზოლუციას ხელს სენატის რვა დეპუტატი აწერს, დემოკრატიული პარტიიდან.




























