"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უკანონო პატიმრობაში მყოფი, "ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა" - ინფორმაციას საია ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.
საიას გასაჩივრებული აქვს შემდეგი მუხლები:
- თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი)
- საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი)
- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი)
- გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი)
- კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება)
- უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი)
- თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი)
როგორც საია-ში განმარტავენ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში მხოლოდ ნაწილია იმ დარღვევებისა, რომლებიც მზია ამაღლობელის მიმართ არის ჩადენილი.
„იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევების ნაწილზე საქმის განხილვა ჯერ არ არის დასრულებული, დღეს გაგზავნილი საჩივარი აღნიშნულ დარღვევებს არ მოიცავს და მათზე სტრასბურგის სასამართლოში დავა, შედეგების შესაბამისად, ეროვნულ დონეზე საქმის განხილვის დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში ხელახლა სისხლის სამართლის წესით დააკავეს. თავდაპირველად მედია მენეჯერი სტიკერის მიკვრისთვის დააკავეს, მეორე დაკავებისას კი პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
მზია ამაღლობელი, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.




























