მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის გაუქმების განხილვაზე მოსამართლე ლ. ყოლბაიას უარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს.
"დღეს, კიდევ ერთხელ მივმართეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. ამავე სასამართლომ ერთხელ უკვე დაუშველად ცნო და არ განიხილა დაცვის მხარის საჩივარი მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენების გამო.
დღეს წარდგენილი საჩივარი შეეხება 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 13 თებერვალს, ხელახლა მივმართეთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ, 2025 წლის 14 თებერვალს შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. ცალსახად ვაცხადებთ, არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მზია ამაღლობელის პატიმრობას გაამართლებს, მისი პატიმრობა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს.
ჩვენი შუამდგომლობის დაუშვებლობა ხელოვნური ბარიერია იმისათვის, რომ სასამართლომ არ იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებულ ახალ, უტყუარ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე", - წერია განცხადებაში.