მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზის სადგურების მშენებლობა 20-25%-ითაა გაძვირებული, ინვესტორები თავს იკავებენ - ასოციაცია

მზის სადგური

მზის ენერგიის ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე მზის პანელების ფასი დაახლოებით 30%-ითაა გაზრდილი, რაც სადგურების მშენებლობასაც აძვირებს.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა BMG‑სთან განაცხადა, შედეგად დეველოპერებს მზის ელექტროსადგურების 1 კილოვატი დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 20-25%-ით გაუძვირდათ.

თორნიკე დარჯანიას თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ინვესტორების ნაწილი ამ ეტაპზე პროექტების განხორციელებისგან თავს იკავებს.

“მზის ელექტროსადგურების [მშენებლობის] მიმართულებით გაძვირება გვაქვს. გაძვირება დაიწყო იანვრიდან, როდესაც მზის პანელებზე ფასები თავდაპირველად დაახლოებით 15%-ით გაიზარდა, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა კიდევ დამატებით 15%-ით, ანუ ჯამური გაძვირება გვაქვს დაახლოებით 30%. ამას ემატება ფერადი ლითონების მიმართულებით გაძვირება. იცით, რომ სატრანსპორტო სერვისებზეც ფასები გაზრდილია, ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვებზე, საწვავიც გაძვირდა. რომ შევაჯამოთ, მზის ელექტროსადგურების 1 კილოვატი დადგმული სიმძლავრე დღეს ინვესტორს დაახლოებით 20-25%-ით აქვს გაძვირებული.

ეს მოცემულობა გვაქვს, რომელიც თავისთავად ართულებს საინვესტიციო გარემოს. ის ტარიფი, რომელიც თავის დროზე შემოთავაზებული იყო სახელმწიფოს მხრიდან არის 5.6 ცენტი, ეს იყო წელიწად-ნახევრის წინ, ხოლო ამის შემდეგ ამ მოცემულობის შედეგად გვაქვს გაძვირება. შესაბამისად, რიგი ინვესტორებისთვის პროექტების განხორციელება ამ გაძვირების გამო რთულდება. რამდენიმე მათგანი ახორციელებს პროექტს, მაგრამ ბევრი ვიცით, რომ თავს იკავებს ზუსტად ამ გაძვირების გამო. ბევრი ინვესტორი თავს იკავებს მშენებლობისგან, ბევრი ელოდება მოცემულობის ცვლილებას, მაგრამ მე, რასაც ვუყურებ, არ ვფიქრობ, რომ მზის პანელებზე ფასები შემცირდება, ან ფერად ლითონზე ფასები დაიკლებს”, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები