მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზისგან დამცავი სისტემების და კარ-ფანჯრების მონტაჟი - „დიოს“ და გლდანის პროფსასწავლებლის ახალი პროგრამა

დიო

„დიომ“ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრთან ერთად პროფესიული განათლების ახალი მოდული შეიმუშავა. მზისგან დამცავი სისტემები და კარ-ფანჯრების მემონტაჟის სასწავლო მოდული მიმდინარე წლიდან ამოქმედდება და სწავლება დუალურ ფორმატში განხორციელდება.

ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობასა და კომპანიის ახალ პროფესიული სწავლების მოდელზე „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა თამაზ დაუშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

მისი თქმით, სწავლების 9-კვირიანი პროგრამა უკვე დამტკიცებულია და მასში კოლეჯის ლექტორებთან ერთად სწავლებას „დიოს“ სპეციალისტებიც გაუძღვებიან. პროფესიის შესწავლას კი ერთდროულად 15 მსურველი შეძლებს.

„ჩვენ რამდენიმე წლის წინ პროფესიული განათლების მიმართულებით ინტენსიური მუშაობა დავიწყეთ. ახლახან შევიმუშავეთ კონკრეტული სპეციალობის მოდული, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცდა და გლდანის პროფესიულ კოლეჯთან ერთად შევქმენით მოკლევადიანი სასწავლო მოდული - მზისგან დამცავი სისტემების და კარ-ფანჯრების მემონტაჟე, რა ნაწილშიც ძალიან დიდი დეფიციტია. ამ პროფესიის კადრებზე ბაზარზე მოთხოვნაც ძალიან დიდია.

რამდენიმე კვირაში ეს კურსი გლდანის პროფსასწავლებელში ამოქმედდება და მსურველებს მისვლა და უფასოდ გადამზადება შეეძლებათ. ამისთვის კი კოლეჯში გავხსენით „დიოს“ ოთახი, სადაც შეგირდების გადამზადება მოხდება. ლექციებს კოლეჯის ლექტორებთან ერთად, ჩვენი კომპანიის ორი პროფესიონალი წაიკითხავს, პრაქტიკულ სწავლებებს კი მსურველები „დიოს“ ბაზაზე გაივლიან. ეს ყველაფერი დასაქმების პერსპექტივით მოხდება“, - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.

ბიზნესმენმა სკოლებში პროფესიული განათლების გააქტიურების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განათლების დაწყებით საფეხურზე, ანუ სკოლებში სახელობო, შრომის ოთახების მოწყობის მომხრეა. მისი შეფასებით, ეს სკოლის ასაკიდან მოსწავლეებში სხვადასხვა ხელობის მიმართ ინტერესს გააჩენს. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ სახელობო ოთახები ტექნიკურად კარგად უნდა იყოს აღჭურვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები