გავრცელებული ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი იცვლება. კერძოდ, როგორც Edu.aris.ge-მ დაწერა, მოქმედი დირექტორი ნინო წერეთელი უახლოეს მომავალში თანამდებობის დატოვებას გეგმავს.
Bm.ge საკითხის დასაზუსტებლად განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ ამჟამად ნინო წერეთელი აგრძელებს თანამდებობაზე მუშაობას. განათლების სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, NAEC-ის დირექტორი შეიცვალოს.
ცნობისთვის, ნინო წერეთელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციას 2024 წლის თებერვლიდან იკავებს. მანამდე ის - 2019 წლიდან 2024 წლამდე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, უმაღლესი განათლების და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების თანახმად, ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
bm.ge მთავრობის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა კითხვით - ვინ მოიაზრება ნინო წერეთლის შემცვლელად, რაზეც პასუხი არ მიგვიღია.




























