კახეთში, ნაფარეულში, მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე გახსნილი Moretoni Lake Resort გაფართოებას გეგმავს.
სასტუმროს საოპერაციო მენეჯერის, ვალერი ბაღსოლიანი BM.GE-სთან ამბობს, რომ ოპერირება რეზორტმა მიმდინარე წლის 19 ივნისიდან დაიწყო და ის სრულად ქართული ინვესტიციით გაიხსნა, თუმცა პროექტის საინვესტიციო ღირებულების დასახელებისგან კომპანიაში თავს იკავებენ.
ახალი ტურისტული ადგილი ტბის პირას 5 კოტეჯს, რესტორანსა და გარე აუზს აერთიანებს და დღეისთვის კომპანია ობიექტის გაფართოების მიზნით ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების ეტაპზეა. ვალერი ბაღსოლიანი აღნიშნავს, რომ დაფინანსების წარმატებით მოპოვების შემთხვევაში, კოტეჯების რაოდენობა 20-მდე გაიზრდება.

განთავსების ობიექტის საოპერაციო მენეჯერის შეფასებით, Moretoni Lake Resort-ს წარმატებული სტარტი ჰქონდა. მისი თქმით, ოქტომბრის ჩათვლით 80%-იანი დატვირთვით იმუშავეს.
”ობიექტი რეზორტის სპეციფიკის სივრცეა. კოტეჯები ტბის პირასაა განთავსებული. ამჟამად, 5 კოტეჯი გვაქვს, თუმცა მათი რაოდენობის ზრდა სამომავლო პერსპექტივაში განიხილება. ასევე, გვაქვს რესტორანი, რომელიც ამ ტბაში არსებულ კუნძულზე მდებარეობს და მომხმარებელს საკმაოდ საინტერესო მენიუს სთავაზობს. სტანდარტულ ორ ადგილიანი განთავსების ფასი, საუზმის ჩათვლით, შაბათის გარდა, 180 ლარია, ხოლო შაბათს - 255 ლარი” , - აცხადებს კომპანიის საოპერაციო მენეჯერი.

ინფორმაციისთვის, ტურისტული ობიექტი Moretoni Lake Resort წელს, 19 ივნისს გაიხსნა. ობიექტი მოიცავს, 5 კოტეჯს, აუზსა და რესტორანს.




























