მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაფარეულში ქვევრის ღვინის შემსწავლელი პროფესიული კურსების ამოქმედება იგეგმება - მეღვინე

6299ed17962b1
ვიქტორია მღებრიშვილი
03.06.22 22:07
1842
„ტყუპების საღვინე სახლის“ დამფუძნებლების, მექვევრეობა, მეღვინეობა-მევენახეობის სპეციალისტების გია და გელა გამტკიცულაშვილების ინიციატივით, წელს სოფელ ნაფარეულში, მათივე კომპანიის ბაზაზე ქვევრისა და ქვევრის ღვინის პროფესიული კურსების ამოქმედება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს ტყუპმა ძმებმა გაუზიარეს.

როგორც გია გამტკიცულაშვილი ამბობს, პროფესიული კურსების ამოქმედებისთვის მათ ქვეყნის მასშტაბით მექვევრეების გაერთიანება გადაწყვიტეს და გასულ წელს არასამეწარმეო იურიდიული პირი „მექვევრეთა ასოციაცია“ დააფუძნეს. მიზანი ქვეყანაში მექვევრეობის დარგში არსებული ცოდნის ახალი თაობისთვის გაზიარებაა.

პროფესიული კურსების პროგრამა თავად პროფესიით მევენახე-მეღვინე გია გამტკიცულაშვილმა შექმნა. მან ამ მიმართულებით სადოქტორო ნაშრომის დაცვა და ქვევრსა და ქვევრის ღვინის წარმოების მრავალწლიანი შესწავლის შედეგების დაინტერესებული პირებისთვის გადაცემა გადაწყვიტა. თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობისთვის საჭირო სივრცე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, გამტკიცულაშვილების მეურნეობაში მოეწყობა. ამისთვის კი იდეის ავტორებმა განაცხადი USAID-ის 300 000-ლარიან გრანტზე შეიტანეს.

„ამ ეტაპზე პროფესიული მომზადების კურსების ავტორიზაციის პროცესში ვართ. ადგილზე მაქვს ორი სივრცე - თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობისთვის. საჭიროების შემთხვევაში დარჩენის კუთხეც (სასტუმრო „ტყუპების სახლი“) გვაქვს.

მსურველები პროგრამით გათვალისწინებულ 6-კვირიან კურსს გაივლიან, სადაც ქვევრის ისტორიას, მის სწორ მოვლა-შენახვას, ქვევრში ალკოჰოლური დუღილის წარმართვას და ქვევრში ღვინის დამზადებას შეისწავლიან. განათლების სამინისტროდან და ღვინის ეროვნული სააგენტოდან ამ კურსების მიმართ ინტერესი დიდია და ავტორიზაციის ბოლო ეტაპზე ვართ. ვფიქრობ, მიმდინარე წელს ჩვენ მსურველთა პირველი ნაკადის მიღებას შევძლებთ“, - განმარტა მეღვინემ.

გია გამტკიცულაშვილი ამბობს, რომ 6-კვირიანი კურსის გავლას ერთდროულად 15 მსურველი შეძლებს და მათგან რამდენიმე მათ შორის „ტყუპების საღვინე სახლის“ მეურნეობაში დასაქმდება, სადაც ძმები გამტკიცულაშვილები ქვევრის მუზეუმთან სადეგუსტაციო სივრცეს და ახალ მარანს მოაწყობენ.

„ქვევრისა და კლასიკური წესით დაყენებული ღვინის განმასხვავებელი თვისებების ორგანოლეპტიკური შეფასებისა დანერგვა გვინდა“, - განაცხადა გია გამტკიცულაშვილმა.



ცნობისთვის, „ტყუპების საღვინე სახლის“ ბრენდით ღვინის წარმოება გია და გელა გამტკიცულაშვილებმა 1990-იანი წლებიდან დაიწყეს და ადგილობრივ ბაზარზე 1997 წლიდან გამოჩნდნენ. დღეს, კომპანია წლიურად 500 000 ბოთლ სხვადასხვა დასახელების ქვევრის და კლასიკურ ღვინოს აწარმოებს და 2022 წელს ჯამში ექსპორტზე აშშ-ში, შვედეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიასა და ჩინეთში 50 000 ბოთლის გატანას გეგმავს. წარმოების 95% ქვევრის ღვინოზე მოდის და „ტყუპების საღვინე სახლი“ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სწორედ ქვევრის ღვინის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული.

მეღვინეობით დაწყებული ბიზნესი „ტყუპების საღვინე სახლმა“ მალე აგროტურიზმის მიმართულებით წარმართა და დღეს კომპანია ღვინის წარმოებასთან ერთად სასტუმროს მართავს. აგროტურისტული ობიექტის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიისა და მექვევრეობის შესწავლაა, რისთვისაც ძმებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში სასტუმროში ქვევრის მუზეუმი მოაწყეს.

"ტყუპების საღვინე სახლის“ ქვევრის ღვინო საქართველოში ვაკეში მოქმედ მათ ბრენდულ მაღაზიაში, ასევე "სმარტში", "ფრესკოში", "ევროპროდუქტში" და "უნივერსამში" იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები